NDI-ის კვლევა

NDI: მათი 39%, ვისთვისაც ევროკავშირის წევრობა მიუღებელია, მიზეზად რუსეთთან კონფლიქტს ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, იმ 13%-დან, ვისთვისაც მიუღებელია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, 39% ამის მიზეზად ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა "რუსეთთან კონფლიქტს წარმოშობს". 

"მე რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობა მირჩევნია" - პასუხობს კიდევ 31%. 

მათგან 19% თვლის, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს შეუქმნის. 9% ამბობს, რომ ეს არარეალისტურია/არასოდეს მოხდება. 7% ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს ავნებს. 4-4% პასუხობს, რომ "ეს საშუალებას აძლევს დასავლეთს, ჩაერიოს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში", "ეს ავნებს ქართულ ეკონომიკას", "იმიტომ, რომ ეს მიუღებელია ჩემი ოჯახისთვის", "საქართველოს ამით რეგულაციების მეტი ტვირთი დააწვება". 

3-3% პასუხობს, რომ "საქართველო ისტორიულად ევროპას არ მიეკუთვნება", "იმიტომ, რომ ეს მიუღებელია იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელსაც ვუჭერ მხარს", "სხვა". 

11% პასუხობს, რომ არ იცის, რატომ არის მისთვის ევროკავშირის წევრობა მიუღებელი. 

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% ამბობს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს). 

კომენტარები