NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 74%-ისთვის მთავრობის მიზანი, გახდეს NATO-ს წევრი, მისაღებია

NATO

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 74%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს NATO-ს წევრი. 

ეს 3%-ით ნაკლებია იმ ადამიანების მაჩვენებელზე, რომელთათვისაც მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი. 

ამავე კვლევის მიხედვით, 15%-ისთვის მიუღებელია NATO-ს წევრობა, ხოლო 10%-მა არ იცის. 

თბილისში NATO-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 1%-ით მეტია და 75%-ს შეადგენს, თუმცა ამავდროულად 2%-ით მეტია იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობა მიუღებელია (17%). 

ევროკავშირის წევრობის მსურველთა მსგავსად, NATO-ს წევრობის მსურველთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 81% სოფლებში დაფიქსირდა. სოფლებში 13%-ია მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ NATO-ს წევრობა მიუღებელია. 

NATO-ს წევრობა ყველაზე მიუღებელი ეთნიკურად სომხური დასახლებებისთვისაა. აქ მოსახლეობის 49% ამბობს, რომ NATO-ს წევრობა მიუღებელია, 28% ამბობს, რომ მისაღებია და 21%-მა არ იცის. 

სიტუაცია განსხვავებულია ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებებში, სადაც მხოლოდ 19%-ია მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ NATO-ს წევრობა მიუღებელია. 39%-ისთვის მისაღებია, ხოლო 41%-მა არ იცის. 

მათგან (74%), ვინც ამბობს, რომ ნატოს წევრობა მისაღებია, 74%-ისთვის სრულად მისაღებია, ხოლო 25%-ისთვის ნაწილობრივ. NDI-ის კვლევით, ნატოს სრულ მხარდაჭერას მოსახლეობის 55% უცხადებს. 

ხოლო მათგან (15%), ვინც ამბობს, რომ ნატოს წევრობა მიუღებელია, 56%-ისთვის სრულად მიუღებელია და 39%-ისთვის ნაწილობრივ. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

კომენტარები