NDI-ის კვლევა

NDI: მათგან, ვისაც NATO-ს წევრობა არ სურს, 69% რუსულ ფაქტორს ასახელებს

BBC

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მათგან (15%), ვინც ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს NATO-ს წევრი, 69% მიუღებლობის მიზეზად რუსულ ფაქტორს ასახელებს. 

კერძოდ, 51% ამბობს, რომ "ეს რუსეთთან კონფლიქტს წარმოშობს", 12% ამბობს, რომ "საქართველო მეტ ტერიტორიებს დაკარგავს" და 6% ამბობს, რომ "ოკუპირებულ ტერიტორიებს სამუდამოდ დავკარგავთ". 

10% თვლის, რომ "ნატოში გაწევრიანება საქართველოს არ დაიცავს/ვერ მიიღებს სარგებელს", კიდევ 10-10% კი პასუხობს, რომ "ეს არარეალისტურია/არასდროს მოხდება" და "ეს შეასუსტებს საქართველოს ეროვნულ იდენტობას". 

8% თვლის, რომ "ეს საქართველოს დამოუკიდებლობას შეამცირებს", 6% პასუხობს, რომ "ეს მისი ოჯახისთვის მიუღებელია", კიდევ 6% ამბობს, რომ "ეს ხელს შეუწყობს აშშ-სა და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებს, ჩაერიოს საქართველოს საქმეებში". 

5% ამბობს, რომ საქართველო არცერთ გაერთიანებაში არ უნდა გაწევრიანდეს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

კომენტარები