NDI-ის კვლევა

NDI: 51%-ის აზრით, საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღიაროს

პატრიარქი ილია მეორე

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57%-ს სმენია უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ, 36%-ს არა, ხოლო 7%-მა არ იცის. 

ამასთან, კითხვაზე, უნდა აღიაროს თუ არა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა, 51% ფიქრობს, რომ უნდა აღიაროს, 13% უარყოფითად პასუხობს, ხოლო 35% უარს აცხადებს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 15 დეკემბერს კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში შეკრებილმა უკრაინელმა მღვდელმთავრებმა, ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად, პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს, რომელიც იქამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა. მართვა-გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს. ის კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე 3 თებერვალს აღსაყდრდა.

კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 2019 წლის 6 იანვარს გადასცა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აქამდე არ უღიარებია საქართველოს საპატრიარქოს. ასევე, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მიღება ჯერაც არ მიულოცავს.

კომენტარები