NDI-ის კვლევა

NDI: ხვალ რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, 68% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა

Getty Images

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, მოსახლეობის 68% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა. 

14% პასუხობს, რომ მხარს არ დაუჭერდა, 7% პასუხობს, რომ რეფერენდუმში მონაწილეობას არ მიიღებდა, ხოლო 9%-მა არ იცის, დაუჭერდა თუ არა მხარს. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 55%-ს ჯამში ევროკავშირის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს. კერძოდ, 21%-ს ძალიან დადებითი, ხოლო 34%-ს უფრო დადებითი, ვიდრე უარყოფითი. 

33%-ს ევროკავშირისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება. 

ევროკავშირის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჯამში 8%-ს აქვს. კერძოდ, 6%-ს უფრო უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირის მიმართ, ვიდრე დადებითი, ხოლო 2%-ს კი ძალიან უარყოფითი. 

4%-მა არ იცის. 











კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 59% თვლის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის. 27% თვლის, რომ მზად არის, 14%-მა კი არ იცის. 

კითხვაზე, "თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რა უშლის საქართველოს ხელს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს?" 36% საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებს ასახელებს, 20% - რუსეთს, 15% - დემოკრატიის ნაკლებობას, 14% კი - განუვითარებელ ეკონომიკას. 

ასევე, 11-11% პასუხობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს "საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საქართველოს პოლიტიკური ნების ნაკლებობა" და "ნაკლებად განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება" უშლის. 

10-10% "საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობასა" და "ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას" ასახელებს. 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% ამბობს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი. 

მოსახლეობის 13%-ისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 10%-ს ამბობს, რომ არ იცის. 

კონკრეტულად თბილისში ეს მაჩვენებელი არ იცვლება, ხოლო დიდ ქალაქებში 78%-ია მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა მისაღებია. შესაბამისად, 12% ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია. 

პატარა ქალაქებში ეს მაჩვენებელი შემდეგნაირია: 80% ამბობს, რომ მისთვის მისაღებია, 10%-ისთვის მიუღებელია, კიდევ 10%-ს კი პასუხი არ აქვს. 

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირის წევრობის სურვილისა სოფლებში დაფიქსირდა, სადაც 82% ამბობს, რომ მათთვის ევროკავშირის წევრობის მიზანი მისაღებია. 12% ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია, ხოლო 6%-მა არ იცის. 

ეთნიკურად სომხურ მოსახლეობაში ეს რიცხვი 68%-ია (მიუღებელია - 17%), ხოლო აზერბაიჯანულ მოსახლეობაში - 54% (მიუღებელია - 14%). 

იმ 77%-დან, ვინც ამბობს, რომ მათთვის ეს მიზანი მისაღებია, 73%-ისთვის სრულად მისაღებია, ხოლო 26%-ისთვის ნაწილობრივ. 

ხოლო, იმ 13%-დან, ვინც ამბობს, რომ მისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია, 53%-ისთვის სრულად მიუღებელია, 40%-ისთვის კი - ნაწილობრივ. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

კომენტარები