აშშ-ირანი

ტრამპი: თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Twitter-ის ოფიციალური გვერდზე ირანს მესიჯი გაუგზავნა, რომ თუ ისინი ბრძოლას ისურვებენ, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება.

"თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება. აღარასდროს დაემუქროთ შეერთებულ შტატებს!" - დაწერა ტრამპმა თავის Twitter-ის გვერდზე.

განცხადებიდან რამდენიმე საათში მან FoxNews-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღის განვითარების საშუალებას არ მისცემს, თუმცა არც დაპირისპირება სურს - "მე არ ვარ ვიღაც, ვისაც ომში წასვლა სურს, რადგან ომი ეკონომიკას არტყამს და რაც ყველაზე მთავარია, ამას ადამიანების სიცოცხლე ეწირება."

გასულ კვირას The New York Times-მა დაწერა, რომ თუ ირანი ამერიკულ შეიარაღებას დაარტყამდა ან ბირთვულ იარაღზე მუშაობას გააგრძელებდა, ადმინისტრაცია რეგიონში 120 000 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებდა. ტრამპმა უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა თქვა, რომ თუ ეს მოხდებოდა, ბევრად მეტს გააგზავნიდა.

შეგახსენებთ, რომ ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

8 მაისს ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ბირთვული შეთანხმების ნაწილობრივ დატოვების შემდეგ თეირანს ახალი სანქციები დაუწესა. ახალი სანქციები ვრცელდება ირანის მეტალურგიულ ინდუსტრიაზე - რკინის, ფოლადის, ალუმინისა და სპილენძის სექტორებზე. ახალი სანქციები მიემართება ირანის ეკონომიკის იმ სექტორს, რომელზეც ირანის მთლიანი საექსპორტო შემოსავალის 10% მოდის.

"თეირანის რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ მათგან ან მათი მარიონეტებისგან ნებისმიერ დარტყმას აშშ-ს ინტერესების ან მოქალაქეების წინააღმდეგ აშშ-სგან სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი გაეცემა," - 9 მაისის განცხადებაში აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.  გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები