საბავშვო ბაღები

მერია: ბაღებისთვის უხარისხო საკვების მიწოდების გამო კომპანიასთან ხელშეკრულებას ვწყვეტთ

ტაბულა

​ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების პროცესში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერია კომპანია "ნილთან" ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა.

მისი ინფორმაციით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მუდმივად იყო შეფერხებები, კერძოდ, საკვების დაგვიანებით მიტანა. გარდა ამისა, ელოშვილი ამბობს, რომ საკვები, ხშირ შემთხვევაში, გამოყენებისთვის უხარისხო იყო.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ბაღები ხარისხიანი საკვებით მარაგდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ კომპანია "ნილს" მივეცით გაფრთხილება, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს ისევ ანალოგიური მდგომარეობაა, კვლავ დაგვიანებით ხდება ბაღებში საკვების შეტანა და ხარვეზები გვაქვს. პარასკევს ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია "ნილს" ხელშეკრულება შეუწყდეს. ამისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული ყველანაირი საფუძველი გვაქვს", - თქვა ელოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ძველი კომპანიის ახლით ჩანაცვლებამდე ბაღებს საკვებით მომარაგების პრობლემა არ შეექმნებათ.

"უახლოესი რამდენიმე დღის და შესაძლებელია, კვირის განმავლობაში, შესყიდვებს საჯარო ბაგა-ბაღები ავტონომიურად განახორციელებენ. საკვები პროდუქტების მიწოდებისა და ხარისხის მხრივ, ამ პერიოდში, არანაირი შეფერხება არ იქნება, ხოლო შემდგომში კომპანიის ჩანაცვლება მოხდება. საუბარია დარჩენილ ორ თვეზე, სანამ საზაფხულო არდადეგები გამოცხადდება. შესაბამისად, ამ პერიოდში სხვა კომპანიით ჩანაცვლება მოხდება და უკვე მომავალი წლისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება", - თქვა ელოშვილმა.  

მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ კომპანია "ნილი" UNICEF-ის მიერ დადგენილი ყველა სტანდარტის დაცვით ბაღებს საკვებით 2 წლის განმავლობაში ამარაგებდა და მცირედი გადახვევების გარდა, ეს ჯეროვნად ხდებოდა. ელოშვილის თქმით, პრობლემა ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეიქმნა.

"საბავშვო ბაღების აღსაზრდელების საკვებით მომარაგება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  კომპანია "ნილი" საჯარო ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას ჩვენი ადმინისტრაციის მიერ შემოღებული და UNICEF-ის მიერ დადგენილი ყველა სტანდარტის დაცვით, ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა. შეიძლება ითქვას, რომ საკვების მიწოდება ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად მცირედი გადახვევებისა, ჯეროვნად ხორციელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, საკვები იყო ხარისხიანი და შესაბამისად, კომპანიას მხარდაჭერას მუდმივად ვუცხადებდით. საკვების შემოწმება ხდებოდა სხვადასხვა ინსტანციის მიერ,  როგორც მერიის შიდა აუდიტის, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საკრებულოს თუ ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მხრიდან. ამდენად, კომპანია "ნილი" თავის მოვალეობას ბოლო პერიოდამდე წარმატებით ასრულებდა, რასაც ვერ ვიტყვით კომპანიის საქმიანობაზე უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში", - თქვა ილია ელოშვილმა.

კომენტარები