არჩევნები 2019

სააკაშვილი: პირველივე დიდი ტალღის შექმნაზე, მასშტაბურ რაღაცაზე, უმალ გავჩნდები თქვენთან

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, "გამარჯვება ძალიან ახლოსაა და ახლა ენერგიული მოქმედებაა საჭირო". 

მან ფეისბუქ ლაივით მხარდამჭერებს მიმართა. 

"ახლა საჭიროა ენერგიული მოქმედება, ახლა გაჩერების დრო არ არის, ერთი წამით არ არის ხელების ჩამოშვების და დანებებაზე ფიქრის დროც კი. ახლა უნდა წავიდეთ წინ და მოდი, ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ. თუ ვინმეს შეუძლია, ჩვენზე წინ უფრო სწრაფად წავიდეს, გავყვებით ჩვენ, თუ არ უნდათ ჯერ წინ წასვლა, ჩვენ ნუ შეგვიშლიან ხელს. ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ.

ახლა ფრონტის გაშლის დროა, ახლა არ არის ჩაკეტილობის და ერთმანეთის გაკონტროლების დრო. დრო არის გაშლის, ახალი სისხლის, ახალი ენერგიის, ახალი ხალხის ჩართვის დრო. უნდა გამოვიდეთ კაბინეტებიდან და მოვედოთ ყველა ქუჩას და ვაგრძნობინოთ ხალხს, რომ ხალხი იმისთვის კი არ გვინდა,  რომ ჩვენი მიიზნები გადავწყვიტოთ, რასაც ივანიშვილი აკეთებს, პირიქით, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ხალხს დავუდგეთ გვერდით ხალხის,  საქართველოს გადასარჩენად და თითოეული ადამიანის მიზნების გადასარჩენად", – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა ასევე მხარი დაუჭირა სანდრა რულოვსის მოწოდებას, საპროტესტო ტალღა დაიწყოს ზუგდიდიდან და დასრულდეს თბილისში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან დასრულდეს. 

"არავის არ აქვს პრეტენზია ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ერთ რაღაცაში ვეთანხმები სანდრას, ახლა მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ შეტევა შუშის სასახლეს. სანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა არ მოშორდება საქართველოს, არჩევნების ჩატარება ნორმალურად არ გამოვა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება საბოლოო ჯამში უნდა შეიცვალოს არჩევნებით, მაგრამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს ივანიშვილის სისტემის მორყევა, რადგან არაფორმალურ სისტემაში ფორმალურად, სწორად ვერ ჩაატარებ არჩევნებს. ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ ყველა ერთად. რაც შემეხება მე – პირველივე დიდი ტალღის შექმნაზე, პირველივე მასშტაბურ რაღაცაზე უმალ გავჩნდები თქვენთან. ახლა ჩვენი ამოცანაა, გავშალოთ ფრონტი, ბევრი ხალხი გვყავდეს, ერთი წამით არ გავჩერდები არსად. მე ვიქნები თქვენთან ერთად საქართველოში, მაგრამ ამისთვის გვჭირდება ყველას ერთად მუშაობა. მე ვმუშაობ ემიგრაციაში, აქ ჩამოსულ ქართველებში, ესეც ძალიან დიდი ძალაა, რომელიც გვაძლიერებს". 

19 მაისის ზუგდიდში ენმ-ის და კიდევ 12 პარტიის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო. ის ქართული ოცნების კანდიდატთან, გიორგი შენგელიასთან პირველივე ტურში დამარცხდა. რულოვსმა ხმების 42.75% მიიღო, შენგელიამ - 54,45%; 

კომენტარები