გიგა ბოკერია

ბოკერია: ოცნების დასამარცხებლად ოპოზიციაში უნდა იყოს ძლიერი ცენტრი კონკურენციაში მეორესთან

პირველი არხი

გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს, ივანიშვილის მმართველობის სახით აქვს დიდი პრობლემა, რომელიც "კლავს დემოკრატიის რწმენას, ის, რაც არყევს უსაფრთხოების გარანტიებს და ეს პრობლემა უფრო და უფრო ღრმავდება".

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "კვირის ინტერვიუ" ისაუბრა.

"ჩვენს გუნდს აქვს თავისი ამოცანა. ენმ-ს აქვს თავისი კოალიცია, რომელსაც აქვს თავისი ხედვა. ეს ხედვა ბევრ საკითხში, დაწყებული ეკონომიკური და სოციალური საკითხებიდან, სხვათა შორის, რელიგიის ფაქტორიდან პოლიტიკაში და სხვა ფუნდამენტურად განსხვავდება ჩემი პოლიტიკური ძალის და ჩვენი პარტნიორების, თავ.დემების ხედვისგან. მაგრამ, ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პრობლემა და ეს პრობლემა არის ის, რაც კლავს დემოკრატიის რწმენას, ის, რაც არყევს უსაფრთხოების გარანტიებს და ეს არის ივანიშვილის ოცნების მმართველობა როგორადაც ის ჩამოყალიბდა და კიდევ უფრო ღრმავდება", - თქვა ბოკერიამ.

მისივე თქმით, იმისთვის,რომ ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალოს, ოპოზიციას უნდა ჰყავდეს ძლიერი ცენტრი, რომელიც ასევე კონკურენციაში იქნება მეორე ძლიერ ოპოზიციურ ცენტრთან.

"იმისთვის, რომ მშვიდობიანად, ყოველგვარი არეულობის გარეშე, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე იყოს შესაძლებელი ამ ხელისუფლების დამარცხება, უნდა იყოს ძლიერი ცენტრი ოპოზიციაში, რომელიც ამ კონკურენციაში მოუგებს მეორე ცენტრს, ოღონდ ცივილიზებულ კონკურენციაში. ჩვენ გვინდა ცივილიზებული ურთიერთობა ყველასთან. მეტსაც გეტყვით, ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ, რაც შენარჩუნდება ქართული ოცნებისგან, იმასთნაც გვინდა, რომ იყოს ცივილიზებული ურთიერთობა. არა იმიტომ, რომ "კარგი ბიჭები" ვართ, ჩემი აზრით, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს არ არის იმაზე, ვინ უფრო გაბრაზებულია ვისზე და ვინ უფრო კრიტიკული აზრის არის სხვაზე", - თქვა დეპუტატმა.

19 მაისს საქართველოს რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ზუგდიდში, მარნეულსა და ზესტაფონში მერის, თბილისში, მთაწმინდის ოლქში კი პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატის არჩევნები ჩატარდა. მხოლოდ მთაწმინდაზე გაიმართება მეორე ტური. აქ ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი, ლადო კახაძე და ევროპული საქართველოს კანდიდატი, შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები