NDI-ის კვლევა

NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს, 60%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას

ცესკო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, უმრავლესობას გადაწყვეტილი არ აქვს, თუ რომელ პარტიას მისცემდა ხმას. 

კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ, თუ არა, ვის მისცემთ ხმას?", 60% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ეს მაშინ, როდესაც ანალოგიურ კითხვაზე 2018 წლის დეკემბერში 10%-ით ნაკლები, 50% ამბობდა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი. 

გადაწყვეტილი ამომრჩევლების რაოდენობა 35%-ია, ხოლო დანარჩენმა 5%-მა არ იცის. 

ასევე, კვლევის მიხედვით, კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?", 65% ამბობს, რომ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, 35% კი - არ მიიღებდა. 

მათი რიცხვი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, ყველაზე დაბალი 2018 წლის მარტი - ივნისი - დეკემბერში იყო. 

იმ 65%-დან, ვინც ამბობს, რომ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მიიღებდა, 53% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 44% გადაწყვეტილი, ხოლო დანარჩენმა ან არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე. 

ხოლო, იმ 35%-დან, ვინც ამბობს, რომ ხვალ არჩევნები რომ ტარდებოდეს, მონაწილეობას არ მიიღებდა, გადაუწყვეტელი 74%-ია, გადაწყვეტილი 17%. 7%-მა არ იცის, დანარჩენი პასუხზე უარს ამბობს. 

კითხვაზე, "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?", 27% ამბობს, რომ არ იცის. ქართულ ოცნებას პირველ არჩევანად 17% ასახელებს (1% მეორე არჩევანად), ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 14% (მეორე არჩევანად 2%). ევროპულ საქართველოს მოსახლეობის 3% ირჩევს (მეორე არჩევანად 4%), პატრიოტთა ალიანსს კი 3-3% აქვს ორივე გრაფაში. 

მოსახლეობის 26% ამბობს, რომ მეორე არჩევანი საერთოდ არ აქვს, ხოლო 2%-მა არ იცის, ვინ იქნებოდა მისი მეორე არჩევანი. არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 16%, სხვა პარტიას - 6% (მეორე არჩევანად - 5%). 12% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს). 

კომენტარები