NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 39% თვლის, რომ საპატრიარქოს პოლიტიკური გავლენა არ უნდა ჰქონდეს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39% თვლის, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს გავლენა არ უნდა ჰქონდეს. 

კითხვაზე, "რამხელა გავლენა უნდა ჰქონდეს, თუ საერთოდ არ უნდა ჰქონდეს, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს?", 22% ამბობს, რომ დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს, 24% თვლის, რომ მცირე გავლენა უნდა ჰქონდეს, 14%-მა კი არ იცის. 

ამასთან, ყველაზე მეტად (47%) პატარა ქალაქებში თვლიან, რომ საპატრიარქოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს, ყველაზე ნაკლებად (17%) აზერბაიჯანულ დასახლებებში, სადაც 64% პასუხობს, რომ არ იცის. 

ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ძალიან კარგად 20% აფასებს, კარგად - 41%, საშუალოდ - 21%, ცუდად - 6%, ძალიან ცუდად - 1%, 10%-მა არ იცის, ხოლო 1% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს). 

კომენტარები