ლარის გაუფასურება

ლარი კიდევ გაუფასურდა - დოლართან 2.06 თეთრით, ევროსთან 2.05 თეთრით

კოლაჟი ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან 2.06 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.05 თეთრით გაუფასურდა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარი 2.7676 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.0848 ლარი. ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტა კომერციულ ბანკებსა და ჯიხურებში უფრო ძვირი ღირს - ერთი დოლარის ყიდვა 2.80 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ერთი ევროსი - 3.14 ლარად.

ორ თვეზე მეტია, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან თითქმის 9 თეთრით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 1 მარტის შემდეგ, ლარი 3 თეთრით გაუფასურდა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის". მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას".

კომენტარები