51-ე სკოლა

"ობშიაკი", "მოვაგვარე ქურდულად" - რატომ წაიშალა 51-ე სკოლის მოსწავლეების კლიპი

0 კომენტარი

"მოვაგვარე ქურდულად", "ობშიაკი" - ამ და სხვა ფრაზებს იყენებენ 51-ე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სკოლის დამთავრების აღსანიშნავ ვიდეოში.

Coolio-ს Gangsta's Paradise-ის მელოდიის მიხედვით მომზადებული ვიდეო Youtube-ზე გავრცელდა, თუმცა სოციალურ ქსელში კრიტიკის შემდეგ ის წაშალეს და განახლებული ვერსია ატვირთეს, სადაც "მოვაგვარე ქურდულად" და "ობშიაკი" აღარ არის.

კლიპის რეჟისორის, გიორგი ლასარეიშვილის თქმით, ვიდეოში ქურდული მენტალიტეტი გაშარჟებულია და მისი ჩანაცვლება ზეწოლის შემდეგ გადაწყვიტეს.

"კლიპის ატვირთვისთანავე კლასის მოსწავლეები და მე გიორგი ლასარეიშვილი (რეჟისორი) საშინელი ზეწოლის ქვეშ ვართ. გვაიძულებენ წავშალოთ ვიდეო, რომლისთვისაც დაუზარელად ვიშრომეთ. ზეწოლა უშუალოდ მოდის კლასის დამრიგებლისგან, რომელიც სავარაუდოდ ასევე ზეწოლის ობიექტია სკოლის დირექტორისგან და ყველაფერი ჯაჭვურად არის მიბმული. ამ დროის განმავლობაში ყველანაირ ღონეს ხმარობენ, რომ მიზანს მიაღწიონ", - წერს ლასარეიშვილი.

ტაბულა სკოლის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. კლასის დამრიგებელი ამბობს, რომ კლიპის მზადების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და ერთ-ერთ ეპიზოდში თვითონაც მონაწილეობს, თუმცა სრული ვერსია დასრულებამდე ნანახი არ ჰქონდა, რადგან ბიულეტენზე იყო. თინათინ კვიტაიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ვიდეო ნახა, მოსწავლეებს რამდენიმე სიტყვის შეცვლა სთხოვა.

"ვთხოვე რომ ამოეღოთ 2-3 სიტყვა და ამან გამოიწვია აჟიოტაჟი. მე მგონი, უნდა ამოეღოთ. ვიღაცამ ოდესღაც უნდა ამოიღოს ხმა, ასეთი სიტყვებით რომ ხდება ამ კლიპების მომზადება, მერე ამას მოზარდი თაობა უყურებს. კი არ მოვითხოვე, ვთხოვე ბავშვებს. ჩვენი სკოლის ღირებულებები სხვა არის და ვიფიქრე, რომ უმჯობესი იქნებოდა ისეთი სახით ყოფილიყო, როგორიც ახლა არის", - ამბობს ტაბულასთან დამრიგებელი.

სკოლის დირექტორის თქმით, მას დამრიგებელმა დაურეკა და უთხრა, რომ შეწუხებული იყო, რადგან კლიპში ისეთი ფრაზებია გამოყენებული, რაც სკოლისთვის, თუნდაც ხუმრობით, მიუღებელია.

"წაშლა არ იყო ჩემი დავალება, მაგრამ იქ გაჟღერებული ფრაზების ნაწილი, თუნდაც ხუმრობით ნათქვამი, სკოლისთვის არის მიუღებელი. ჩვენ ამ ღირებულებებით არ ვზრდით მოსწავლეებს. ბავშვები და მშობლები ამბობენ, რომ ეს იყო შარჟი. მაგრამ ამ თემაზე ხუმრობა ჩვენთვის მიუღებელია", - ამბობს მანანა თურქაძე და დასძენს, რომ ეს სიმღერა არ არის სკოლის ჰიმნი.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს განათლების სამინისტროსაც, სადაც კლიპის თავდაპირველი ვერსიის წაშლაში მათი ჩარევა გამორიცხეს.

დღეს პრესკონფერენცია გამართა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა, რომელმაც თქვა, რომ კლიპი ხუმრობით იყო ჩაწერილი, მშობლებმა იცოდნენ სრული ტექსტი და არ მიაჩნიათ, რომ ეს ქურდულ მენტალიტეტთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ტექსტი რეჟისორმა ბავშვების ისტორიების მოსმენის შემდეგ, მათთან შეთანხმებით დაწერა.

რუსუდან ჩაჩანიძემ განმარტა, რომ მისი შვილი მე-7 კლასში იყო, როცა 51-ე სკოლაში გადავიდა და რადგან ბავშვებმა "უცხოობა და ათვალწუნება იციან", ბავშვური დამოკიდებულება ჰქონდათ, "იყო გაბუტვები", რაც მოგვარდა და ვიდეოში "ქურდულად მოგვარება" სწორედ ამიტომაა ნახსენები. თუმცა მშობელი დასძენს, რომ ეს არის შარჟი და მართლა "ქურდული მოგვარება" არ ყოფილა.

რაც შეეხება "ობშიაკს", რუსუდან ჩაჩანიძე ამბობს, რომ აქ მხოლოდ ლობიანის და კოკა-კოლას ფული იგულისხმება. მისი განმარტებით, რადგან ბავშვები სკოლის გარეთ მანდატურის ნებართვის გარეშე ვერ გადიან, ირჩევენ ერთს, ვისაც ფულს აძლევენ და ის ყიდულობს საკვებს მთელი კლასისთვის.​

ის ამბობს, რომ ამ ტერმინების გამოყენება საგანგაშო არ არის და ქვეყანაში გაცილებით მეტი პრობლემაა.

"შეიძლება რაღაც მომენტში "ობშიაკის ფული" მეც მქონდეს გამოყენებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი ამას იყენებს. შეიძლება "ქურდულად" მე არ ვთქვა, იმიტომ, რომ ქალი ვარ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, დიდი ადამიანები ამას გამოიყენებენ ტერმინებში. ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ და მრცხვენია, რომ ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მეტი პრობლემაა და ამ ბავშვებზე იყო გადატეხილი ძალიან დიდი ჯოხი", - ამბობს რუსუდან ჩაჩანიძე.

რაც შეეხება ზეწოლას, მშობელი აღნიშნავს, რომ კლიპის გამო მათზე ზეწოლა იყო, თუმცა არ ამბობს ვისგან.

რუსუდან ჩაჩანიძე ასევე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში კლიპზე გამოხმაურებები ხშირად შეურაცხმყოფელია, თუმცა, მანვე მადლობა გადაუხადა ხალხს, რადგან ამან "ბავშვებს პოპულარობა მოუტანა".

გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს გუშინ, 20 იანვარს, 51-ე სკოლასთან მოსწავლეების დაპირისპირება ამ კლიპს უკავშირდება, ჩაჩანიძე ამბობს, რომ ასე არ არის და ჩხუბის დროს მთელი კლასი მშობლებთან ერთად, კლიპის პრეზენტაციაზე იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები