არჩევნები 2019

ბოკერია: აქამდეც ვცდილობდით ყველა ტიპის ამომრჩეველთან ურთიერთობას, II ტურამდეც ამას ვიზამთ

გიგა ბოკერია
პარლამენტი

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, გირჩის ლიდერის ვიდეომიმართვა არაკორექტული იყო. მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძემ ბევრი სიცრუე თქვა. ბოკერია აღნიშნავს, რომ ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების გაერთიანება ყველა ტიპის ამომრჩეველთან ურთიერთობას ცდილობდა და მეორე ტურამდე პერიოდსაც ამას მოახმარს.

"რა თქმა უნდა, არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამომრჩევლები ავტომატურად მისცემენ ხმას და ჩვენ ამ პერიოდს მეორე ტურამდე ამასაც მოვახმართ და აქამდეც ვცდილობდით ყველა ტიპის ამომრჩეველთან ურთიერთობას. ოღონდ, ვიმეორებ, რომ ეს ტონი იყო ძალიან არაკორექტული, ძალიან ბევრი სიცრუე და ტალახის სროლა იყო ამაში" - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ტაბულასთან ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ მათი ოპოზიციური გაერთიანება ყველა პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობისთვის არის ღია.

"სამწუხაროა, როდესაც ოპოზიციური ჯგუფების ლიდერები ქართული ოცნების გზავნილს იმეორებენ, რომ "ნაცი-ქოცის“ არჩევანი დადგა. ხომ გვესმის, ეს რისთვისაც კეთდება და ძალიან უსამართლოა სერიოზული ბრალდებები ბატონი შალვას მიმართ, რომ ის აქ მარიონეტია. ეს უბრალოდ ძალიან არაკორექტული, მტკნარი სიცრუეა. ყველამ, ვინც იცნობს ამ ადამიანს, იცის, რომ ის მარიონეტის გარდა ყველაფერია და ყოველთვის, ყველა ვითარებაში საკუთარ პრინციპულ პოზიციას იცავს, ვერავინ დაძრავს ადგილიდან, თუ სჯერა, რომ რაღაც არასწორია.

ეს ძალიან უსამართლო ბრალდებაა ისევე, როგორც ის ბრალდებები, რომლებიც მოვისმინეთ ადამიანისგან, რომელიც თავის დროზე იმავე პოლიტიკურ ძალაში იყო, სადაც მე ვიყავი. ახლა ამ ძალების მიმართ ტალახი ისროლა და ესეც ძალიან არაკორექტული და სამწუხარო ტონალობაა. ჩვენ არავის დავსხმივართ თავს. არ ვიცი, სოციალურ ქსელებში რა მოსაზრებები გაისმის, მაგრამ ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები თავს არავის დასხმია, არავის დაუყენებია საკითხი, რომ თუ შალვას მხარს არ დაუჭერთ, თქვენ ცუდები ხართ და ა.შ. ეს არ არის ჩვენი ტონი. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის ყველასთან და მოვუწოდებთ ყველა პროდასავლური ძალის ამომრჩეველს, რომ იმისდა მიუხედავად, რომ მათი პარტიის წარმომადგენლები მეორე ტურში აღარ არიან, ჩათვალონ, რომ მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძის წარმატება მათ პერსონალურ სამოქალაქო ინტერესში შედის" - თქვა გიგა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ "ყველა ამომრჩეველს უნდა ავუხსნათ, იქნება, ეს გირჩის თუ სხვა ამომრჩეველი. მე ყველასთან საუბრის მომხრე ვარ."

გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვა 21 მაისს გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ მისი პარტიის ამომრჩეველი არავის დაუჭერს მხარს, თუ არ დაელაპარაკებიან. მან ევროპული საქართველოს მხარდამჭერებს მიმართა, მთაწმინდის მეორე ტურში გადასული შალვა შავგულიძე გირჩის გადაცემაში მივიდეს და "გირჩელებს" აუხსნას, რატომ უნდა მისცენ ხმა. მისივე აზრით, თუ ევროპულ საქართველოს "გირჩის" მხარდაჭერა უნდოდა, უნდა ეთხოვათ.

ცნობისთვის, 20 მაისს გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჰერმან საბომ თქვა, რომ მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე გაიმართება. ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები