საბავშვო ბაღები

კალაძე: ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს

ტაბულა

თბილისის მერის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა კომპანია "ნილთან" ხელშეკრულების შეწყვეტას, რომელსაც, მერიის ინფორმაციით, ბაღებისთვის უხარისხო საკვების მიწოდებისთვის კონტრაქტი შეუწყდა.

"ორი დღის წინ ჩვენ გავწყვიტეთ ხელშეკრულება კომპანია "ნილთან", რომელიც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა. ამ კომპანიასთან არაერთხელ გქონდა კომუნიკაცია. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ "ნილი" ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, რაც დავალებული ჰქონდა, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ ბაღებისთვის საკვების მოწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, ბოლოს რამდენიმე შეხვედრაც გავმართეთ. ჩვენი მხრიდან იყო მიმართვა, რომ დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის, ძალიან სწრაფად გამოესწორებინათ, თუმცა კომპანიამ ეს ვერ შეძლო და ხელშეკრულება გავუწყვიტეთ.", - თქვა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომელიმე მათგანთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება, მანამდე კი კვებით მომარაგებას თავად საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ.

"მინდა, სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად ვუთხრა აღსაზრდელების მშობლებს, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. დღეს კვებით მომარაგებას უზრუნველყოფენ თვითონ ბაღები. დაჩქარებული წესით გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან, ვფიქრობ, რამდენიმე დღეში შევძლებთ ხელშეკრულების გაფორმებას და ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგება ჩვეულებრივ, შერჩეული კომპანიის მიერ გაგრძელდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაგა-ბაღებში კვების რაციონის შემუშავებაზე მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა და ის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე შედგა.

"შემიძლია ვთქვა, რომ საკვების კალორაჟი საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული. მინდა, მშობლებს ვუთხრა, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის და არც სამომავალოდ იქნება. ჩვენთვის ბავშვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი ჯანსაღი კვება პრიორიტეტია", - თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერიამ ბაგა-ბაღების მომმარაგებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ინფორმაცია 20 მაისს გაავრცელა. მერის მოადგილის თქმით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მუდმივად იყო შეფერხებები, კერძოდ, საკვების დაგვიანებით მიტანა. გარდა ამისა, ილია ელოშვილი ამბობს, რომ საკვები, ხშირ შემთხვევაში, გამოყენებისთვის უხარისხო იყო.

კომენტარები