ბრექსითი

მეი: თუ პარლამენტარები ამ კანონს მხარს არ დაუჭერენ, ხმას მიცემენ ბრექსითის შეჩერებას

0 კომენტარი
ტერეზა მეი ფოტო: EPA

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი პარლამენტს ბრექსითის ახალ გეგმას წარუდგენს. მანამდე ტერეზა მეიმ არსებული შეთანხმების პრობლემებზე ისაუბრა, მათ შორის წამოწია კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა.

მან თქვა, რომ პარლამენტარებმა უნდა გამოიყენონ ბოლო შანსი ბრექსითის პროცესის დასასრულებლად, ან გარისკონ, რის შედეგადაც ბრექსითი შესაძლოა აღარ მოხდეს.

"თუ პარლამენტარები ხმას მისცემენ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ, ისინი ხმას მიცემენ ბრექსითის შეჩერებას." თქვა მან.

ტერეზა მეი გეგმის მხარდასაჭერად კანონმდებლების მისამხრობად რამდენიმე დათმობაზე წავიდა, მათ შორის პარლამენტში მთავრობის მიერ შემუშავებული ბრექსითის გეგმაზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებაზე კენჭისყრის დაპირება, კენჭისყრა საბაჟო კავშირის თაობაზე, რომელიც მოიცავს მეის შემოთავაზებას დროებით საბაჟო კავშირის შესახებ, 2020 წლამდე ე.წ. "ბექსტოპზე" ალტერნატიული შეთანხმების მიღწევის ვალდებულების აღებას.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინისათვის მიწერილ წერილში მეიმ თქვა, რომ მან აჩვენა, რომ მზად არის კომპრომისზე წავიდეს ბრიტანელი ხალხის წინაშე აღებული ვალდებულების შესასრულებლად. მან კორბინსაც მსგავს კომპრომისზე წასვლისაკენ მოუწოდა, თუმცა ლეიბორისტული პარტიის წევრები ამბობენ, რომ მეის შემოთავაზებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

გავრცელებული ინფორმაციით მეის კონსერვატიული პარტიის წევრები პარტიის ხელმძღვანელობას წესების შეცვლას სთხოვენ, რათა მეის უნდობლობა გამოუცხადონ. ვინაიდან მეის უნდობლობა გასული წლის დეკემბერში დაძლია, პარტიის არსებული წესებით მას უნდობლობას 12 თვის მანძილზე ვეღარ გამოუცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეისა და ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას შორის ბრექსითის გეგმაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

მეი პარლამენტს ევროკავშირიდან გასვლის გეგმას ხელახლა ივნისის პირველ კვირას წარუდგენს.

მთავრობის სპიკერის თქმით ეს მნიშვნელოვანია, რათა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვება ზაფხულში საპარლამენტო არდადეგების დაწყებამდე მოახერხოს.

აღსანიშნავია, რომ როგორც მეის პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა უკვე თქვა, რომ გეგმას მხარს არ დაუჭერს.

მათი ნაწილი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს, ნაწილს კი მიაჩნია რომ გეგმას მეტად განახლება სჭირდება და წინა გეგმაში არსებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელია.

კანონით, გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. თუმცა, რადგან პარლამენტმა შეთანხმება სამჯერ ჩააგდო აპრილის პირველ ნახევარში ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის 31 ოქტომბრამდე გადადებას დათანხმდნენ.

ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ბრექსითის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აღარ განახლდება.

ბრექსითის გადადების გამო ბრიტანეთს მაისში ევროპარლამენტის არჩევნებში მოუწევს მონაწილეობის მიღება.

ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს მას შემდეგ, რაც ბრექსითის პროცესს დაასრულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები