აშშ-ჩინეთი

ჩინეთში აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომზე პროპაგანდისტული სიმღერა დაწერეს

The Atlantic

ჩინეთში აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის პარალელურად სავაჭრო ომს ამავე სახელწოდების სიმღერა მიუძღვნეს.

სიმღერაში მსმენელებს მოუწოდებენ, რომ მტრის წინააღმდეგ ყველა საჭირო ზომა მიიღონ -"სავაჭრო ომი, ჰეი, სავაჭრო ომი! არ გვეშინია მისი დაუსაბუთებელი გამოწვევის. ჰეი, არ გვეშინია მისი დაუსაბუთებელი გამოწვევის. წყნარ ოკეანეში დაიწყო სავაჭრო ომი. ერთი გზა - ერთი სარტყელი გაერთიანდით… ხუასიას მილიარდობით შვილებო, ჰეი, უთვალავო! გაერთიანდით საერთო მტრის წინააღმდეგ!"

სიმღერის მელოდია გასული საუკუნის ანტიიაპონური ფილმიდან გვირაბის ომიდან არის გადმოღებული.

სიმღერის პროდიუსერმა და ტექსტის ავტორმა ჭაო ლიანგთიანმა თქვა, რომ ფილმში აღწერილი მოვლენები დღევანდელობას ეხმიანებოდა - "მას შემდეგ, რაც სავაჭრო ომი დაიწყო მე მქონდა განცდა, რომ რამე უნდა გამეკეთებინა".

ჭაო ყოფილი მაღალჩინოსანია და ჩინეთის პოეტთა ინსტიტუტის წევრია. ინსტიტუტი კომუნისტური პარტიის პროპაგანდულ დეპარტამენტთან არის დაკავშირებული.  

სიმღერას აშშ-ის ფლორიდის შტატის სენატორი მარკო რუბიო თავის Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა - "ჩინეთმა სავაჭრო ომის სიმღერა შექმნა, რაც Weibo-ზე ძალიან პოპულარული გახდა. საცეკვაო რემიქსის პოტენცია აქვს, თუმცა ორიგინალური ვერსია ნაგავია".

მსგავს სიმღერებს ჩინეთში ანტიამერიკული სენტიმენტების გასაღვივებლად იყენებენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, მომავალი კვირიდან წლის ბოლომდე ჩინური რადიო და ტელევიზია ვალდებულია, რომ ყოველდღე დილის 7 საათზე ჩინეთის ჰიმნი გაუშვას.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა.

ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფებს გაზრდის.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა 25%-იანი ტარიფი კიდევ 325 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზეც დააწესონ.

სავაჭრო ომის პარალელურად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარავაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა.

წლის დასაწყისში აშშ ტარიფების 10-დან 25%-მდე აწევას გეგმავდა, თუმცა მისი აღსრულება შეაჩერეს, რათა შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები გამართულიყო.

კომენტარები