აშშ-ის სამხედრო ბაზა

იზორია: პერსპექტივაში, ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში არსებობას მივესალმებით

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
facebook.com/mod.gov.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, ის პერსპექტივაში, ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში არსებობას მიესალმება. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას უთხრა. 

იზორიამ აშშ-ში ვიზიტი შეაფასა და თქვა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წარმატებებით მიმდინარეობს.

"ჩვენ გვაქვს მართლაც რომ უპრეცედენტო თანამშრომლობა სამხედრო სფეროში განსაკუთრებით აშშ-სთან. ეს არ არის მხოლოდ ჩვენს მიერ გაცხადებული, არამედ, ეს არის ასევე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორებისგან გაცხადებული, რომ არასდროს ასეთი მჭიდრო, ასეთი ყოვლისმომცველი ეს ურთიერთობა არ ყოფილა და ეს გვაძლევს, რა თქმა უნდა, საფუძველს რომ მომავალში ეს თანამშროლობა გაფართოვდეს და ჩვენ მათ შორის პერსპექტივაში, სამხედრო ბაზების არსებობას მხოლოდ მივესალმებით",- ამბობს თავდაცვის მინისტრი. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "ამერიკის ხმამ" რამდენიმე კვირის წინ ჰკითხა, არის თუ არა ღია იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზები განთავსდეს, რაზეც ზურაბიშვილმა თქვა, რომ "არ ჰგონია რეკომენდებული იყოს" და "არ გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება, პროვოკაციად იყოს აღქმული".

"ამერიკის ხმა" წერს, რომ თავდაცვის მინისტრმა გამოცემასთან საუბრისას პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა.

კომენტარები