ლაშა თორდიას საქმე

ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმის სასამართლო პროცესზე მივიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილ სახელმწიფო აუდიტორზე თავდასხმის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებული ყოფილი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეა, რომელიც დღეს სასამართლოში მივიდა.

კლუბ "ელ ცენტროში" მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ფარცხალაძეს დღეს მედიასთან არ უსაუბრია. ის პირდაპირ სასამართლო დარბაზში შევიდა.

ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი 2017 წლის 13 მაისს აუდიტის სამსახურის მაშინდელი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე 2018 წლის 5 ნოემბერს წარედგინა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ის დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ ბრალი წარედგინა.

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდებოდა. 

"ეს შეეხება ოთარ ფარცხალაძის კომპანიის მიერ 580 ათას ლარად 2 მილიონ 600 ათასი ლარის აქტივის მქონე კომპანიის შესყიდვას, რომელიც რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავდა. შემდგომში ქალაქ თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩანაცვლების შემდგომ ასევე, კიდევ ჩატარდა აუქციონი, რომელიც ასევე, 40 პროცენტით ნაკლებ ფასში პირდაპირ მიყიდეს ფარცხალაძის კომპანიას" , - თქვა მაშინ ლაშა თორდიამ.

საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა. სამინისტრომ დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

თავად ფარცხალაძე თორდიაზე თავდასხმას არ ადასტურებს და ამბობს, რომ "ინციდენტი იყო წამიერი" და მისი მხრიდან "ხელის შეხება არ ყოფილა".

კომენტარები