ლარის გაუფასურება

ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, ლარის მკვეთრი გაუფასურება "თურქეთის ფაქტორმა" გამოიწვია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და "ეროვნული ვალუტა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება იმ ეკვილიბრიუმს, რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ". მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის "ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე". მისი შეფასებით, ორიენტირება ექსპორტზე, მომსახურების სექტორზე, ტურიზმზე, იმპორტის ჩანაცვლებასა და "რაც მთავარია, ლარიზაციაზე", გრძელვადიან პერსპექტივაში იმის ერთადერთი გარანტია, რომ "საქართველო არ იყოს ასეთი მოწყვლადი" მეზობელი ქვეყნების ეკონომიკების მიმართ.

"ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და ბუნებრივია, ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები თავიანთი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსსა და ზოგადად, მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში. ექსპორტის მაჩვენებელი არის მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი, მიმდინარეობს სავაჭრო დეციფიტიის შემცირება, აქედან გამომდინარე, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე.

რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომელსაც აქვს ადგილი თურქულ ეკონომიკაში, თავისი გავლენა იქონია, მაგრამ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც დაგისახელეთ, ასევე, ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ძალიან მდგრადი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც იგივე დაადასტურა, რა თქმა უნდა, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი - ეს არის ძალიან მოკლევადიანი ასახვა" - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ასეთ საკითხს "სისტემური გადაწყვეტის პრიზმიდან" უნდა ვუყუროთ.

"ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იყოს ადვილად მოწყვლადი, საქართველო არსებობს იმ რეგიონში, სადაც ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის რისკების ან მცირე შოკების საფრთხე. ამისთვის დავიწყეთ ლარიზაციის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყო თითოეული საქართველოს მოქალაქე დამოკიდებული გაცვლით კურსზე. იყო პერიოდი საქართველოში, როცა დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო უმაღლეს წერტილში, ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკის  შედეგი. ასევე, სავაჭრო დეფიციტი არის ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლი, რამდენიმე წლის წინ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტი შეადგენდა თითქმის 13%-ს, ეს იყო ერთერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მსოფლიოში, ჩვენ შევძელით და ეს გავანახევრეთ.

ეს არის, როგორც ჩანს, ძალიან მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში ჩვენ დავუბრუნდებით იმ მაჩვენებელს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ" - თქვა მამუკა ბახტაძემ.

ორ თვეზე მეტია, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. ეროვნული ბანკის 23 მაისის ვაჭრობის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, კომერციულ ჯიხურებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.11 ლარი. ბანკებში უცხოური ვალუტა უფრო ძვირია - 1 დოლარის შეძენა 2.81 ლარად შეგიძლიათ, 1 ევროსი - 3.15 ლარად. ლარი დოლართან დღის მანძილზე 2 თეთრით გაუფასურდა ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაშიც.

1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 10 თეთრზე მეტით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 1 მარტის შემდეგ, ლარი თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები