ანაკლიის პორტი

ბახტაძე ანაკლიის პორტზე: ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობა არ განიხილავს ალტერნატიულ ვარიანტებს ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად.

"რაც შეეხება ანაკლიის პორტს, აქ არის ორი მთავარი საკითხი პირადად ჩემთვის. პირველი გახლავთ ის, რომ მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა აშენდეს და მეორე, ჩვენ უნდა დავიწყოთ ის რაც შეიძლება დროულად. შესაბამისად, ამ ორი პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ბუნებრივია, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება." - აცხადებს პრემიერი.

ბახტაძის შეფასებით, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს კონსორციუმს ინვესტიციების მობილიზებაში:

"ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეძლოს კონსორციუმმა მობილიზაცია გაუკეთოს იმ ფინანსურ რესურსს რაზეც აიღეს ვალდებულება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დავიწყოთ რაც შეიძლება დროულად პორტის მშენებლობის პროცესი."

კითხვაზე, თუ რა ვადებში შესრულდება პროექტი, მამუკა ბახტაძე პასუხობს, რომ ეს "დინამიკის ჩვენებაზეა დამოკიდებული".

"ვადა არის დამოკიდებული იმ დინამიკის ჩვენებაზე, რასაც კონსორციუმი შეძლებს. კონსორციუმმა უნდა გვაჩვენოს, რომ ფულადი სახსრების მობილიზაცია მიმდინარეობს. ეს არის მსხვილი პროექტი და მე მესმის, რომ ერთ დღეში და ერთ კვირაში არ შეიძლება ჩვენ ასეთი მიდგომებით ვსაუბრობდეთ ამ საკითხზე. მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს დინამიკა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მზადყოფნა, აუცილებლად უნდა ჩანდეს კონტრაქტების არსებობა, რომელიც მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ კონსორციუმის მხრიდან ფინანსური ვალდებულებები იქნება შესრულებული."

შეგახსენებთ, რომ 21 მაისს მთავრობამ უარი თქვა პორტის ტვირთების დაზღვევაზე. ეს მოთხოვნა მთავრობას იმ საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარუდგინეს, ვინც პროექტი უნდა დააფინანსოს. ამჟამად, მოლაპარაკებები მთავრობასა და ინვესტორებს შორის კვლავაც გრძელდება.

კომენტარები