ჩვილის მკვლელობა

შსს: ინფორმაცია ბრალდებულის ჩვენებაზე დაყრდნობით გავავრცელეთ, უფლება აქვს შეცვალოს ჩვენება

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღაიანში მომხდარ ფაქტზეც ისაუბრა, სადაც 7 თვის ჩვილის გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა დააკავეს. მისი თქმით, აღნიშნული თემა ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და სამინისტროს მხრიდანაც ძალიან ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.

"ამ ფაქტზე გამოძიების დაწყება დაუყოვნებლივ მოხდა. ინფორმაციის გავრცელება ეფუძნებოდა იმ დროისათვის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ვნახოთ, როგორც შეიცვლება სურათი. მე თავს შევიკავებ გამოძიების სხვა დეტალებზე საუბრისგან, იმიტომ, რომ არის ძალიან სენსიტიური თემა. ვიტყვი იმასაც, რომ შეტყობინებაზე რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო შემოსული, თავის დროზე გამოძიება დაწყებული არ ყოფილა, რაზეც, როგორც თქვენთვის ცნობილია, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა. ერთ თანამშრომელს შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება. მოკვლევა გრძელდება და თუ დღის წესრიგში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზეც მოახდენს მკაცრ რეაგირებას," - წერია განცხადებაში.

გუშინ იმავე თემის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ უწყებას ინფორმაცია ჰქონდა 2017 წელს არასრულწლოვნის სახლიდან წასვლის შესახებ და მაშინ ის გამოკითხა, ასევე ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ მან არასრულწლოვნების ასაკში ბავშვი გააჩინა. შსს-ს 2018 წელს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

როგორც უწყებაში ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს. მოკვლევა გრძელდება და თუ დღის წესრიგში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზეც მოახდენს მკაცრ რეაგირებას.

დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ში თქვეს, რომ მათ მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნებოდა ბრალდებულის ჩვენებას და ვინაიდან მას უფლება აქვს შეცვალოს საკუთარი ჩვენება შესაძლოა სურათი შეიცვალოს.

"სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად იმ დროისთვის გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა ბრალდებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ბრალდებულს აქვს უფლება ყველა ეტაპზე შეცვალოს მისი პოზიცია, ყველა ეტაპზე შეცვალოს ჩვენება, შესაბამისად სურათის შეცვლა, ბრალდების აღიარების ან არაღიარების, ან ნაწილობრივ აღიარების კუთხით, ეს არის გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე აბსოლუტურად ბრალდებულის პოზიციაზე დამოკიდებული.“ - თქვა ლონდა თოლორაიამ.

გუშინ, 22 მაისს, კასპში 7 თვის ჩვილის გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა დააკავეს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები