შსს: რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე 2 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

"სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, მათზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში. გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც მათზე მოძალადე ორი პირი ამოიცნეს. გამოძიების ამ ეტაპზე თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობა არ დასტურდება," - წერია განცხადებაში. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.

რუსტავი ორის ინფორმაციით, წყალტუბოში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ახლობლები რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ცნობით, ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი ბრალდებულის ახლობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს და გადამღები ჯგუფი ავტომანქანაში ჯდებოდა, რამდენიმე პირი მათ თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტი და ოპერატორი ქუთაისში "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჟურნალისტს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება. 

კომენტარები