მარაროელების გაფიცვა

ბახტაძე: მდგომარეობა მართლაც მძიმეა, მაღაროელების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია

"მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მინდა გითხრათ, რომ მაღაროელების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

პრემიერი თხოვნით მიმართავს ორივე მხარეს, ინტენსიური დიალოგის შედეგად  კონსესუსი მოიძებნოს, რათა საწარმომ რაც შეიძლება დროულად,  ახალი პირობებით განაახლოს მუშაობა. 

„როდესაც ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადგილზე  ჯანდაცვის მომსახურების წვდომა, კვების გაუმჯობესება და შრომის უსაფრთხოება, ეს არის საკითხები, რომელიც მყისიერად უნდა იყოს დაკმაყოფილებული და ეს პრობლემა ზოგადად, არ უნდა დამდგარიყო. იქ არსებობს კიდევ სხვა ტიპის სოციალური მოთხოვნები, რომელსაც აქვს საფუძველი. მე ვიცი, რომ კომპანიამ გააკეთა წინადადება და მე კიდევ ერთხელ მსურს ყველას ვთხოვო, რომ ინტენსიური დიალოგის შედეგად რაღაც კონსესუსი ჩამოყალიბდეს, რომ საწარმომ რაც შეიძლება დროულად განაახლოს მუშაობა ახალი პირობებით. მაღაროელების ის მოთხოვნები, რომელიც მე პირადად ვნახე და წავიკითხე, არის სრულიად სამართლიანი. ის მიმართულებები, რომელიც მე ჩამოვთვალე, მყისიერად უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკმაყოფილებული“, - თქვა ბახტაძემ.

კითხვაზე, ამ პროცესის გამო მაღაროელებს სამსახურის გარეშე დარჩენა ხომ არ ემუქრებათ, პრემიერმა აღნიშნა, რომ არცერთი სამუშაო ადგილი არ არის დასაკარგი.

„არცერთი სამუშაო ადგილი არ გვაქვს დასაკარგი, პირიქით - რაც შეიძლება მეტი უნდა შევქმნათ. ეს არის ჩემი სულისკვეთება. აქედან გამომდინარეა სწორედ ჩემი თხოვნაც. კომპანიამ გააკეთა წინადადება. ახლა აუცილებელია ემოციების გარეშე მოხდეს სწრაფი მოლაპარაკებები, კონსესუსის გამოძებნა, რომ საწარმომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფუნქციონირება, ამ ადამიანებმა განაახლონ სამუშაო პროცესი და აიღონ ხელფასი“, - თქვა პრემიერმა.

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა დღეს პირი ამოიკერა. ერთ-ერთი გაფიცული, პაატა სამხარაძე "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, რომ პირს პროტესტის ნიშნად ყოველ დღე თითო მაღაროელი ამოიკერავს.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებული 15 ადამიანი უკვე მე-7 დღეა შიმშილობს. 

ამასთან, გაფიცულია ჯორჯიან მანგანეზის 150 თანამშრომელი. პროტესტი 16 მაისს დაიწყო. ისინი ხელფასის 50 %-ით გაზრდას ითხოვენ. 

კომპანია ამბობს, რომ მზად არის, მოთხოვნა ნაწილობივ დააკმაყოფილოს, თუმცა ეს პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია.

პარალელურად, თავის მხრივ გაფიცვაში მონაწილეობისთვის გაფიცულების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს ჯორჯიან მანგანეზი.

კომენტარები