აშშ-ჩინეთი

ტრამპი: შესაძლოა, Huawei-ს საკითხი ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების ნაწილი გახდეს

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩინური ტელეკომუნიკაციების ფირმის, Huawei-ს საკითხი შესაძლოა აშშ-ჩინეთს შორის სავაჭღო შეთანხმების ნაწილი გახდეს. ამასთანავე ტრამპმა ჰუავეის ძალიან საშიში უწოდა:

"ჰუავეი ძალიან საშიშია. რომ შეხედოთ რა გააკეთეს უსაფრთხოების კუთხით, სამხედრო კუთხით, ძალიან საშიშია...თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ვფიქრობ, შესაძლებელია ჰუავეის საკითხის ჩართვა რაიმე ფორმით, ან ნაწილობრივ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა აშშ-ის კომპიუტერული ქსელის უცხოელი მოწინააღმდეგეებისაგან დასაცავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უცხოური ტელეკომუნიკაციები ქსელების გამოყენებას უკრძალავს. ბრძანებაში კონკრეტული კომპანიები არ არის ნახსენები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ის ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს შეეხება. Huawei-ს ასევე აეკრძალა ამერიკული ფირმებისაგან ტექნოლოგიის შეძენა აშშ-ის მთავრობისაგან თანხმობის გარეშე. აშშ-ის ფედერალურ უწყებებს უკვე აკრძალული აქვთ Huawei-ს პროდუქტების გამოყენება. ისინი მსგავის ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებენ მოკავშირე ქვეყნებსაც.

ამის შემდეგ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს Google-მა, Intel-მა, Qualcomm-მა, Panasonic-მა, Softbank-მა და სხვა კომპანიებმა.

ამ ნაბიჯს Huawei-ში გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ, ჩინეთის მთავრობისაგან დამოუკიდებლად მოქმედებენ და აშშ-ში მათი აკრძალვა ქვეყნას საფრთხისაგან არ დაიცავს და მხოლოდ ტექნოლოგიურ ჩამორჩენას შეუწყობს ხელს. კომპანიის დირექტორმა თქვა, რომ მზად არის ქვეყნებთან შეთანხმებებს მოაწეროს ხელი იმის თაობაზე, რომ კომპანია უკანონო თვალთვალს არ განახორციელებს.

აღსაინშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში კანადაში Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მენგ უანჟოუ დააპატიმრეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მას ირანისათვის დაწესებული სანქციების დარღვევაში და T-Mobile-ისაგან ტექნოლოგიების მოპარვაში დასდო ბრალი.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით კომპანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველია და შესაძლოა, მათ ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა ჯაშუშობისათვის იყენებს.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მთავრობის კონტროლის ქვეშ არ არიან, თუმცა ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა ტელეკომუნიკაციებისათვის Huawei-ს და ZTE-ს ტექნიკის გამოყენება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე უკვე აკრძალა.

10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა.

ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფებს გაზრდის.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა 25%-იანი ტარიფი კიდევ 325 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზეც დააწესონ.

კომენტარები