ჯულიან ასანჟი

აშშ-მა ასანჟს კიდევ 17 ბრალი წარუდგინა, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის უკანონო გამოქვეყნება

ჯულიან ასანჟი
AFP

აშშ-მა WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს კიდევ 17 ბრალი წარუდგინა, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.

"ასანჟმა გაასაჯაროვა ადამიანების, წყაროების სახელები და მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა." ნათქვამია განცხადებაში.

წაყენებული ბრალდებების ნაწილი დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აშშ დიდი ბრიტანეთიდან მის ექსტრადიციას მოითხოვს.

ბრალდებებს გამოეხმაურა WikiLeaks-იც, მათ საკუთარ ტვიტერზე დაწერეს, რომ ეს სიგიჟეა და ეროვნული უსაფრთხოების ჟურნალისტიკის და კონსტიტუციის აღსასრული იქნება.

შეგახსენებთ, რომ საელჩოში გასულ თვეს დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-იში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

ეკვადორის პრეზიდენტის, ლენინ მორენოს თქმით ბრიტანეთმა მას გარანტია მისცა, რომ ასანჟის ექსტრადიცია არ მოხდება იმ ქვეყანაში, სადაც მას სიკვდილით დასჯა დაემუქრება.

აშშ-ის გარდა ასანჟის ექსდრატიციას შვედეთიც ითხოვს.

შვედეთში გამოძიება WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის მიერ ქალის გაუპატიურების შესახებ ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე ხელახლა გახსნეს.

კომენტარები