საწვავი

TI: ბოლო 5 წელიწადში ნავთობის მსოფლიო ფასი 48%-ით შემცირდა, საქართველოში კი არ გაიაფებულა

0 კომენტარი
ფოტო: კომერსანტი

გასულ ხუთ წელიწადში ნავთობის მსოფლიო ფასის 48%-ით ცვლილება საქართველოს მოსახლეობაზე არ ასახულა - გაუფასურებული ეროვნული ვალუტისა და გაზრდილი აქციზის გადასახადის გამო საქართველოში საწვავის ფასი არ გაიაფდა.

ამის შესახებ იტყობინება კვლევა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა საქართველოს საავტომობილო ბაზრის შესახებ 2014-2018 წლებში.

კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან საწვავზე კონკურენციაც გაიზარდა - მსხვილი კომპანიების საბაზრო წილი 93.4%-დან 69.5%-მდეა შემცირებული.

მნიშვნელოვნია ამ სექტორიდან შესული შემოსავლები ბიუჯეტში - 2018 წელს საავტომობილო საწვავის ბიზნესიდან 1.3 მილიარდი ლარი შევიდა.

საქართველო კვლავაც მთლიანად დამოკიდებული რჩება იმპორტირებულ საწვავზე. ამასთან, როგორც კვლევაში წერია, 2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27%-მდე არის გაზრდილი.

გარდა ამისა, კვლევაში ნათქვამია, რომ ლაბორატორიულად გადამოწმებული რვა კომპანიის ნაწარმიდან, სტანდარტებს მხოლოდ ერთის, "ბპ ოილის" პროდუქცია არ შეესაბამებოდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობამ კვლევის ფარგლებში საზოგადოებრივი აზრიც გამოიკითხა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 46% ფლობს ავტომობილს. აქედან, ყველაზე დიდი ნაწილი, 16%, მოიხმარს რომპეტროლის საწვავს. რომპეტროლს მოსდევენ გალფი და სოკარი 14-14%-ით.

ჯამში, 2017 წლის მონაცემებით, საწვავით საცალო ვაჭრობის ბრუნვამ საქართველოში 3 მილიარდი ლარი შეადგინა, 2018 წლის პირველ 9 თვეში კი 2.5 მილიარდი. ამ სფეროში 10 050 ადამიანია დასაქმებული და საერთაშორისო გამჭვირვალობაში ამბობენ, რომ მათი რიცხვი მზარდია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები