კრიმინალი

7 თვის მოკლული ჩვილის მამის გამოკითხვა დასრულდა

რუსთავი 2

7 თვის მოკლული ჩვილის მამის გამოკითხვა შიდა ქართლის პოლიციის განყოფილებაში დასრულდა.

მიხეილ დვალიშვილის ადვოკატის ინფორმაციით გამოკითხვა დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. ჩვილის მამას 20 მაისს მომხდარი შემთხვევის გარემოებების შესახებ კითხავდნენ.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედასთან სექსუალური კავშირის გამო. უწყების ცნობით, ბრალდებული გოგო ორსულობის მომენტში 16 წელს მიუღწეველი იყო, რაც იმას ნიშნავს რომ მასთან სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია. უცნობია, დაუსვეს თუ არა კითხვები ამის შესახებ მიხეილ დვალიშვილს.

"ჩვენი მიზანი არის, რომ დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება. შესაბამისად, დღეს ვიყავით გამოკითხვაზე დაბარებულები, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიხეილ დვალიშვილი ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, განზრახ მკვლელობის საქმეში. შესაბამისად სამომავლოდაც მზად ვართ რომ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. გამოკითხვები, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მიმდიანარეობდა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში", - თქვა დვალიშვილის ადვოკატმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2018 წელს იცოდა, რომ არასრულწლოვანი გოგო დედა გახდა, თუმცა მაშინ გამოძიება არ დაწყებულა. უწყებას გოგოს სახლიდან წასვლისა და მისი ახალი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა 2017 წელსაც, თუმცა გამოძიება არც მაშინ დაუწყია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 7 თვის ბავშვის მკვლელობის შესახებ, რაშიც ბრალი არასრულწლოვან დედას ედება, უწყებამ არასათანადო რეაგირებისათვის ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყვიტა. შსს-ში ამბობენ, რომ გენერალური ინსპექცია დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურებრივ გულგრილობას და დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

კომენტარები