ბესიკ ბუგიანიშვილი

"კაბელებისა" და "ციანიდის" საქმეების მოსამართლე ბუგიანიშვილი სააპელაციოში უვადოდ დაინიშნა

ე.წ. კაბელების და ციანიდის საქმეების მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში უვადოდ დანიშნა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი დასრულდა. კენჭისყრა გუშინ გაიმართა. კონკურსი 43 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული. 69 კანდიდატიდან მოსამართლის თანამდებობაზე 32 კანდიდატი გამწესდა. მათგან 27 მოქმედი მოსამართლე, ორი ყოფილი მოსამართლე, სამი კი იუსტიციის სკოლის მსმენელია.

ბესიკ ბუგიანიშვილი იყო მოსამართლე, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმესა და ე.წ.ციანიდის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენები გამოიტანა. 

კაბელების საქმე

2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. იმავე დღეს, მაშინდელმა პრემიერმინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა იმჟამინდელი მინისტრი ირაკლი ალასანია. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი. 

ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თავისუფალი დემოკრატები ბრალდებას აბსურდულს უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ საქმე პოლიტიკური მოტივაციითაა წარმოებული.

2017 წლის 27 იანვარს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი შეიწყალა. პრეზიდენტის მაშინდელმა პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ თქვა, რომ საქმე აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე.

მსჯავრდებულებმა საპატიმრო იმ დღესვე დატოვეს. 

შეწყალებამდე ერთი დღით ადრე, 26 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. როგორც მათი ადვოკატი, ლევან სამუშია, ამბობდა, დაკავებულები 2 თვეში უნდა გათავისუფლებულიყვნენ. 

ამ საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებებიც მოჰყვა. 

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

პატიმრობის პერიოდში, დეკანოზი მამალაძე რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში. მან ასევე გამოგზავნა რამდენიმე წერილი. 

მისი ოჯახი კი საპატრიარქოსთან პერიოდულად აქციას მართავს და დეკანოზის გათავისუფლებას ითხოვს. 

კომენტარები