კალაძე: არსებობენ რეალური ტაქსის მძღოლები და არსებობენ პარტიის წევრი ე.წ. ტაქსისტებიც

ქართული ოცნება

ტაქსის მძღოლების ნაწილმა დღეს აქცია გამართა და პოლიტიკურ პარტიებს მიმართა. მათი თქმით, გარკვეული პირები ცუდად იყენებენ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის სახელს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. 

მძღოლები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა აპოლიტიკურია და ემიჯნებიან პოლიტიკურ მოწოდებებს.

მძღოლები ამბობენ, რომ მერიასთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ და არის კიდევ გარკვეული საკითხები, რომლის გადაწყვეტაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლების ნაწილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ არსებობს რეალური ტაქსის მძღოლები და ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეალურად "ლეიბორისტული პარტიის", ენმ-ს და "ევროპული საქართველოს" წევრებს წარმოადგენენ. 

"არსებობენ რეალური ტაქსის მძღოლები, რომელთაც შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი და ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ მათთან, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ მათი მოთხოვნით.

ამავდროულად, ა​რსებობენ მეორე – ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც არიან კონკრეტული პარტიების წევრები; ეს არის "ლეიბორისტული პარტია", "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო". მათი განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის იმიტომ, რომ ის ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.

რაც შეეხება რეალურად ტაქსის მძღოლებს, მათთან მიმართებაში მთელი რიგი დათმობები განვახორციელეთ. მათ შორის, ის რომ მარჯვენა საჭიანებს 2021 წლამდე მივეცით შესაძლებლობა „ბე” (B) კატეგორიაში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, გადაღებვასთან დაკავშირებით იყო პრობლემები და აქაც შემოვიღეთ ფირის გადაკვრის შესაძლებლობა და უკვე ასამდე მძღოლმა ისარგებლა ამ სერვისით",- თქვა კალაძემ.

ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიის ინიციატივით შემოღებულ რეგულაციები არაერთხელ გააპროტესტეს. ტაქსის მძღოლები როგორც ტაქსებით თეთრად გადაღებვას, ასევე ტექინსპექტირებისწელიწადში ორჯერ გავლას და მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვას აპროტესტებენ. მძღოლები ამბობენ, რომ ამ რეგულაციების შესრულება ძვირი ჯდება და ეს მათ პრობლემებს შეუქმნის. მათ ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციაც გამართეს. მძღოლები 18 აპრილიდან პერმანენტულ აქციებს გეგმავდნენ, თუმცა, მოგვიანებით თქვეს, რომ მერიასთან გარკვეული შედეგებს მიაღწიეს და აქციის გამართვა საჭირო აღარ არის. 

კომენტარები