მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი2

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. დღეს გაფიცულებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. 

ისინი ამბობენ რომ მაღაროელების მოთხოვნა სამართლიანია. 

"თანადგომა ჩვენი მეშახტეების ჭიათურელ მაღაროელებს. ეს თანადგომა უნდა იყოს არა მარტო მეშახტეების მხრიდან, არამედ იმ მძიმე სამრეწველო ქარხნებიდან, როგორიც არის რუსთავი, როგორიც არის ზესტაფონი, - ამბობს ტყიბულელი მეშახტე.

მაღაროელების თქმით, სოლიდარობა ზესტაფონის "ფეროს" თანამშრომლებმაც გამოუცხადეს. 

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ 15 მაღაროელი კი უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს. 3-მა მაღაროელმა პოტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და პირი ამოიკერეს. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. კერძოდ, ხელფასის მომატებას, კვებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, ასევე ქალაქში ეკოლოგიური მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებას. 

15-მა მაღაროელმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან გამართეს. 

"ჯორჯიან მანგანეზმა" მაღაროელების გაფიცვის დღეს გავრცელებულს განცხადებაში აღნიშნა, რომ ჭიათურაში, მიმდინარე პროცესები "გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას."

მოგვიანებით, კომპანიის გენერალურმა უფროსმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა თქვა, რომ ამ ეტაპზე "ჯორჯიან მანგანეზს", ფინანსური პრობლემების გამო, მაღაროელებისთვის მხოლოდ ხელფასის 10-15%-იანი ზრდის შეთავაზება შეუძლიათ. ფინანსურ პრობლემებს კომპანიის მმართველი იმით ხსნის, რომ სახელმწიფო მათ მადნის მოპოვების ნებართვას არ აძლევს. მაღაროელები ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ.

გუშინ განცხადება გაავრცელეს ქართული ოცნების ლიდერებმა. განცხადებაში, რომელსაც ხელს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი აწერენ ხელს, წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაღაროელებსა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" შორის მოლაპარაკებები ვერ შედგება, საქმეში ხელისუფლება ჩაერევა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები