დავით გარეჯის მონასტერი

დარსალია: საინჟინრო სამუშოები აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს

რუსთავი 2

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ამბობს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანის მხარის მიერ არის კონტროლირებადი. 

ამასთან, მისი თქმით, ბაქოში სადელიმიტაციო კომისიის შეხვედრაზე მათ მოითხოვეს დეტალური ინფორმაცია ამ სამუშაოებთან დაკავშირებით და ამ ეტაპისთვის სამუშაოები შეჩერებულია.

"ეს არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელზეც ამჟამად კონტროლს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ან რაიმე სტატუს კვოს ცვლილება არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი. ამიტომ კიდევ ვაზუსტებ, რომ, თუ აზერბაიჯანული მხარე აწარმოებდა რაიმე სამუშაოებს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს კვო", - თქვა ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილე ასევე გამოეხმაურა დავით გარეჯში სამოქალაქო აქტივისტების და სამღვდელოების ჩასვლას.

დარასელიამ თქვა, რომ ემოციურმა განცხადებებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

"მაქსიმალურად უნდა მიეცეს დელიმიტაციის კომისიებს საშუალება, სწორედ ემოციებისგან დაცლილ ფონზე წარმართონ მუშაობა, რადგან ეს მაღალი ემოციური ფონი მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ნორმალური გადაწყვეტილებების მიღებას", - თქვა დარსალიამ.

23-24 მაისს ბაქოში კომისიის შეხვედრები გაიმართა. კომისია რამდენიმე წელია, არ შეკრებილა.

"2 კვირის წინ, საქართველოს მხრიდან მოხდა კომისიის განახლება. განხილული იყო ყველა სადაო მონაკვეთი. დაახლოებით, 2/3 შეთანხმებულია. დარჩენილია გადაწყვეტილების მიღება - 1/3 -ზე. აქ საუბარია, დაახლოებით, 14-მდე მონაკვეთზე, მათ შორის არის დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაც. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საექსპერტო ჯგუფებმა ადგილზე კიდევ ერთხელ შეისწავლონ ვითარება, რომლის შემდგომაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება არსებული შედეგების განსახილველად. ეს შესაძლოა 1 თვის განმავლობაში მოხდეს“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს დღეს საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სასულიერო პირებმა ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორია მოინახულეს, სადაც აზერბაიჯანული მხარე რამდენიმე დღეა, გზის გაყვანის სამუშაოებს ახორციელებს. საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი სასულიერო პირები ამბობენ, რომ გზის გაყვანა თითქმის დასრულებულია. 

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი აპრილშიც გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს. 26 აპრილს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა.

ჩიჩხიტურის ციხის მიმდებარედ გზის გაყვანის შესახებ ინფორმაცია კი 24 მაისს გავრცელდა. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

გადაუწყვეტად რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

1921 წელს, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა ისე, რომ სამონასტრო კომპლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ამ ნაწილთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2012 წლის მაისშიც გადაკეტეს, მაშინ მთელი 2 კვირით. 2012 წლის 20 მაისს ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები სადავო მონაკვეთზე სტატუს კვოს აღდგენაზე შეთანხმდნენ და აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს დავით გარეჯში, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები