მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

მაჩალიკაშვილი: გოგაშვილის განადგურებას პოლიტიკური მეთოდით ვაპირებ

სოსო გოგაშვილის განცხადებებს, რომელიც სუს-ის ყოფილმა უფროსმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში გააკეთა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ამავე ტელეარხის ეთერით უპასუხა.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ გოგაშვილი "ფართხალებს და მასთან ბრძოლის სურვილი დაეკარგა, ვინაიდან ის ღირსეული მოწინააღმდეგე არ არის".

„განადგურება შეიძლება რამდენიმე მეთოდით, რომელი მეთოდითაც ვაპირებ მის განადგურებას და ამას გავაკეთებ, პოლიტიკური მეთოდით... მისი მამის საფლავიც მჭირდება, მისი შვიდივე პატრონის საფლავიც მჭირდება, მისი მთელი მოდგმაც მჭირდება, უნდა ვიცოდე, ვინ არის ჩემი მტერი. ის რაღაცას იძახის, ბჟუტუნებს, ის ვიღაცის დავალებებს ასრულებს, მე ყასაბი კი არ ვიყავი ბაზარში, მე ასეთი შტაბელებით მინახავს. თუ სადმე იარაღია ნახსენები, თუ სადმე ასაფეთქებელია ნახსენები, ისინი ჩემს ლაპარაკს არ ჩაიწერდნენ", - თქვა მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, მას 9 თვის განმავლობაში უთვალთვალებენ და მის ყველა საუბარს იწერენ.

„მე ვიცი, რომ ყველა ჩემი ფეხის ნაბიჯი კონტროლდება. ყველა ჩემი ტელეფონზე საუბარი იწერება, რაც მე ამოვალ და ვდგავარ ამ 9 თვის განმავლობაში, ყველაფერი იწერება. ის ამოგდებული ჩანაწერი, რომელსაც ჩემს ძმისშვილთან ერთად ვსაუბრობ, ამ კარავშია ჩაწერილი",- თქვა მაჩალიკაშვილმა.

გოგაშვილმა რ2-ის ეთერში თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ მაჩალიკაშვილი მისი და მისი ოჯახის განადგურებას აპირებდა. მისივე მტკიცებით, მაჩალიკაშვილს ნაციონალური მოძრაობა თავისი მიზნებისთვის იყენებს.

ასევე, გოგაშვილის თქმით, მას სურს არა მაჩალიკაშვილის დაკავება, არამედ ვითარების იმ წერტილთან დაბრუნება, როდესაც თემირლანის მკვლელად მას არ მიიჩნევდნენ.

თემირლან და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეები

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

პროკურატურამ 6 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება 2 თვეში დასრულდება.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ კარავში უწყვეტ აქციებს მართავდა მოთხოვნით, გამოეძიებინათ მისი შვილის საქმე. სწორედ ერთერთ აქციაზე, 2018 წლის მაისში მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ მასა და კიდევ 100 ადამიანს ფიცი ჰქონდა დადებული, რომლის თანახმადაც, მათ სუს-ის შენობაში თავები უნდა აეფეთქებინათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით მათ 1 ივნისს გამოძიება დაიწყეს. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, 7 მაისს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მაჩალიკაშვილი უწყებამ ტერორისტული აქტის გზით რამდენიმე პირის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, 10 მაისს სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა, სადაც მას მოწმის სტატუსით 7 საათზე მეტხანს კითხავდნენ. გამოკითხვიდან გამოსულმა მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, სადაც საუბარი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს და ქართული თარგმანის ტიტრები ადევს, თარგმანის ხარვეზები აქვს.

კომენტარები