აშშ

ტრამპმა კონგრესის გვერდის ავლით საუდის არაბეთისათვის $8 მილიარდის იარაღის მიყიდვა დაამტკიცა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი და მაიკ პომპეო ფოტო: Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის გვერდის ავლით საუდის არაბეთისათვის 8 მილიარდი აშშ დოლარის იარაღის მიყიდვა დაამტკიცა, მიზეზად კი ირანისაგან მომავალი საფრთხე დაასახელა.

ამისათვის მან ირანთან მიმდინარე დაძაბული ურთიერთობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხად გამოაცხადა.

გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აცნობა. მის წერილში ნათქვამია, რომ "ირანის საიზანო აქტივობა" იარაღის დაუყოვნებლივ მიყიდვის საჭიროებას აჩენს.

"ირანის აქტივობა წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობისათვის და აშშ-ს უსაფრთხოებიდათვის, როგორც სახლში, ასევე საზღვარგარეთ, ფუნდამენტურ საფრთხეს." ნათქვამია წერილში.

გავრცელებული ინფორმაციით აშშ იარაღს მიჰყიდის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და იორდანიასაც.

ტრამპმა კონგრესის მიერ მიღებულ კანონს იემენში საუდის არაბეთის კოალიციის დახმარების შეწყვეტის თაობაზე ვეტო დაადო.

იემენში აშშ-ის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა რიცხვი გასულ წელს მას შემდეგ გაიზარდა, რაც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მოკლეს. რეზოლუცია ჯერ წარმომადგენელთა პალატამ, ხოლო შემდეგ სენატმა დაამტკიცა.

ტრამპმა რეზოლუციას უსარგებლო და საშიში უწოდა და თქვა, რომ ის მისი კონსტიტუციური ძალაუფლების შესუსტებას ემსახურება.

იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

აშშ საუდის არაბეთის კოალიციას, რომელშიც კიდევ 8 არაბული ქვეყანაა გაერთიანებული მილიონობით დოლარის იარაიღით ეხმარება და იემენში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებზე დრონებით თავდასხმებშიც მონაწილეობს.

გაეროს მონაცემებით ქვეყანაში 7,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათი 65% კი სწორედ კოალიციის საჰაერო დარტყმების დროს.

რაც შეეხება ირანს, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1,500 ჯარისკაცს, საბრძოლო თვითმფრინავებს და დრონებს უახლოეს მომავალში გაგზავნის.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ირანმა გამოაცხადა, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. ირანთან ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისი ვრცელდებოდა ჩინეთზე, ინდოეთზე, თურქეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში 2 მაისამდეა და როგორც პომპეომ თქვა აღარ განახლდება. მიუხედავად ამისა ჩინეთი ამბობს, რომ ირანთან ვაჭრობას გააგრძელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, ირანიდან მომავალი საფრთხის გამო რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

მიუხედავად ამისა სხვა ხელმომწერები, მათ შორის ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ შეთანხმების მხარდაჭერას და ცდილობდნენ აშშ-ის სანქციებისათვის გვერდი აექციათ, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა შეთანხმების შესრულება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები