დავით გარეჯის მონასტერი

ზურაბიშვილი დავით-გარეჯზე: საზღვრის საკითხი მე წამოვიწყე

სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხი საქართველოს 2 პარტნიორთან მან წამოიწყო და "შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები".

სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჯის საკითხზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა:

„მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ იქნება. ასე რომ როგორც თქვენ, ჩემთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახანს ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები. მაგრამ მთავარი ის არის, რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეც ალბათ ახლო მომავალში და საჭიროა არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცულობით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს სამუდამო საზღვრები".

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული. 1921 წელს, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს და ბერთუბნის, ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სწორედ ასე აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გაივლო, თუმცა, ტურისტების და სასულიერო პირების მიმოსვლას მონასტრების ტერიტორიაზე ხელი არ შეშლია.

2012 წელს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აქ საქართველოს მხრიდან მისასველელი გზა რამდენიმე დღით გადაკეტეს. 2012 წლის 20 მაისს ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები სადავო მონაკვეთზე სტატუს კვოს აღდგენაზე შეთანხმდნენ და აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

2019 წლის აპრილში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. გზა 26 აპრილს გაიხსნა.

24 მაისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩიჩხიტურის ციხის მიმდებარედ გზის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

გადაუწყვეტად რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

სალომე ზურაბიშვილმა და ილჰამ ალიევმა 27 თებერვალს, ბაქოში გამართულ შეხვედრაზე ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის საკითხის მოგვარებაზე ისაუბრეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა თქვა:

"გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი".

22 აპრილს პრეზიდენტი დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა, შემდეგ კი თქვა, რომ "სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს".

კომენტარები