სილამაზის ინდუსტრია

მაკიაჟის არტისტი ჯეიმს ჩარლზი აშშ-ის ირგვლივ დაანონსებულ ტურნეს წყვეტს

ჯეიმს ჩარლზის ტურნე, სახელწოდებით Sister Tour (დების ტურნე) აღარ შედგება. როგორც მაკიაჟის ინტერნეტ-გურუმ თქვა, მას დროის გარკვეული პერიოდის საკუთარ თავთან გატარება სურს.

"მინდა, ყველასთვის ცხადი იყოს - ეს 100 პროცენტით მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება იყო და ის პერსონალური მიზეზების გამო მივიღე. არ ვაპირებ, დეტალურად ჩავუღრმავდე იმას, თუ რა მოხდა გასული რამდენიმე კვირის მანძილზე. გულწრფელად რომ ვთქვა, ამაზე არც საუბარი და არც ფიქრი მინდა ოდესმე. მინდა, რამდენიმე თვე იმ საქმეებს დავუთმო, რაც მართლა მაბედნიერებს", - თქვა მან ვიდეო მიმართვაში.

ტურმე მთელი აშშ-ის მასშტაბით იყო დაანონსებული. ჯეიმს ჩარლზი ფანებთან და მისი კოსმეტიკური პროდუქციის მომხმარებლებთან შეხვედრებს გეგმავდა. შეხვედრაზე დასწრება ფასიანია და ბილეთები უკვე სრულად იყო გაყიდული.

მიზეზი რამდენიმე კვირის წინ ე.წ სილამაზის თემში მომხდარი სკანდალებია. 

ჯეიმს ჩარლზმა 10-დან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში იუთუბზე 3 მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა. 19 წლის ვიზაჟისტს პარასკევს 16 მილიონზე მეტი მიმდევარი ყავდა, 3 დღეში კი მათი რიცხვი დაახლოებით 13 მილიონია გახდა.

მიზეზი მასა და მის მენტორს, ასევე მაკიაჟის არტისტს, ტატი ვესტბრუკსშორის დაპირისპირება იყო.

ტატიმ 10 მაისს 43 წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უთანხმოების დეტალებზე ისაუბრა. მოგვიანებით მან ეს ვიდეო წაშალა.

მან ჯეიმსს მის შესახებ ტყუილებში დასდო ბრალი - თქვა, რომ ჩარლზი სილამაზის ინდუსტრიაში მის დამაზიანებელ ხმებს ავრცელებდა.

ვესტბრუკმა ასევე გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ჰომოსექსუალი ჩარლზი ტატის დაბადების დღის წვეულებაზე, რესტორანში ჰეტეროსექსუალ მიმტანზე მიუღებელ კომენტარებს აკეთებდა, შენიშვნის მიღების შემდეგ კი თავისი საქციელი "სელებრითობით" ახსნა.

"მომდევნო დღეს ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან სათითაოდ ვრეკავდი და ჯეიმსის ნაცვლად ბოდიშებს ვიხდიდი

შენ იცი, რომ გულისამრევია სხვისი სექსუალობით მანიპულირება, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ სხვები ჯერაც არ არიან ზრდასრულები და ყველაფერი გარკვეული არ აქვთ. შენ შენს დიდებას, ძალაუფლებას და ფულს იყენებ, რათა ადამიანების გრძნობებზე ითამაშო", - თქვა ტატი ვესტბრუკმა.

მისივე თქმით, ჯეიმსის ამ და მისთვის მიუღებელი სხვა საქციელების გამო თავს ისე გრძნობს, თითქოს უღალატეს, ვინაიდან, ჯეიმს ჩარლზის კარიერულ წარმატებაში სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი.

"მე არ მინდა, შენი მეგობარი ვიყო, მე არ მინდა, შენთან ვიყო ასოცირებული" - თქვა ვესტბრუკმა. .

ჯეიმს ჩარლზი ცნობილი იუთუბზე მაკიაჟის ტურორიალებით და სხვადასხვა კოსმეტიკური ბრენდის შეფასებებით გახდა. ტატი ვესტბრუკი მისი მენტორი იყო. სწორედ ტატის დახმარებით გახდა ის მსოფლიოს კოსმეტიკური ბრენდის, Covergirl-ის მამრობითი სქესის პირველი ელჩი.

ტატი ვიდეოში იმასაც ყვება, რომ როცა ჯეიმსი კარიერას იწყებდა, სფეროს მსხვილ მოთამაშეებს "ახალი ბავშვის" მიღება არ სურდათ და ბიზნესში სწორედ მან გაუკვალა გზა. საქმეში ვესტბრუკის ქმარიც იყო ჩართული - ჩარლზს კონტრაქტების გაფორმებაში სწორედ ის ეხმარებოდა.

თავად ტატი, გარდა მაკიაჟის ტუტორიალების ვიდეოებისა, ვიტამინებს აწარმოებს.

ცოტა ხნის წინ ჯეიმს ჩარლზმა თავის ერთ-ერთ ვიდეოში ტატის პირდაპირ კონკურენტ ბრენდს გაუწია რეკლამა. ვესტბრუკი ამბობს, რომ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადაწყვიტა, ჯეიმსთან თავისი ურთიერთობების და წყენის შესახებ საჯაროდ ესაუბრა.

ჯეიმს ჩარლზმა ტატის ამ განცხადებების საპასუხოდ ბოდიშიც მოიხადა. თუმცა, ე.წ სილამაზის თემში მისი ბოდიში არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

"ტატის და ჯეიმს ვესტბრუკს - ძალიან ვწუხვარ იმ ყველაფრისთვის, რაც ხდება და რისი გადატანაც ჩემ გამო მოგიწიათ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემი კარიერა მუდმივად შეცდომების დაშვება, შემდეგ კი სწავლა და გაზრდაა. ჩემს საქმეს ყოველთვის კარგად არ ვაკეთებდი, ამას ვაღიარებ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი", - თქვა ჯეიმს ჩარლზმა.

მოგვიანებით ტატი ვესტბრუკმა კიდევ ერთი ვიდეო გამოუშვა და თქვა, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ მის მონაყოლს მსგავსი რეაგირება მოჰყვებოდა. მან როგორც თავის, ისე ჩარლზის ფანებს სთხოვა, სიძულვილის გამომხატველი კომენტარების წერა შეეწყვიტათ.

ჯეიმს ჩარლზის წინააღმდეგ გამოვიდა მაკიაჟის კიდევ ერთი არტისტი, ჯეფრი სტარი და თქვა, რომ ჩარლზი საზოგადოებისთვის საშიშია.

რასაც ჩარლზის მხრიდან ვესტბრუკის და სტარის შესახებ მორიგი ვიდეო მოჰყვა. იმას, რაც მან ისაუბრა, ტატიმ და ჯეფრიმ მანიპულაცია და ნახევრად სიმართლე უწოდეს.

კომენტარები