ბესელიას პარტია

"სამართლიანობისთვის" - ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ პარტიას ქმნის

ეკა ბესელია თანამოაზრებთან ერთად ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ბესელიამ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. უკვე ცნობილია, რომ ბესელიას პარტიაში იქნებიან გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტიერაძე. 

„ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და რომლის დადებითად დაძლევის და გადაწყვეტის არერთგზის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა "სამართლიანობისთვის. ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა დაეფუძნება კონცეფციას, რომელიც დგას ფუნდამენტურ ტრიადაზე, მე არ დავუკარგავ ამ საავტორო უფლებას პროფესორ მინდია უგრეხელიძეს, ეს არის ცნობილი ტრიადა, რომლითაც უნდა იყოს აგებული სახელმწიფო. ეს არის სიმართლე, როდესაც ფაქტები უცდომლად, ისე როგორც ის არის, შეფასება და ამ მოცემულობას იღებ, როგორც არის, სამართალი, რომლითაც უნდა გადაწყვიტო ყველა პრობლემა, ყველა საკითხი, ყველა მიმართულება და სამართლიანობა, როგორც მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიო. ეს არის სწორედ ის მთავარი კონცეფცია, რომელზეც უნდა იდგეს ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა. იდეოლოგიით, რომელიც დაეფუძნება ცენტრისტულ მიმართულებას და იქნება ევროპული კონსერვატიზმის მიმართულებით. ჩვენი საგარეო კურსი ქვეყნის არჩეული, მიგვაჩნია, რომ ის უნდა იყო შეუქცევადი და საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე უნდა მიდიოდეს მტკიცედ და სწრაფად და ჩვენთვის ძალიან ღირებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ეფუძნებოდეს ეროვნულ-ფუნდამენტურ ღირებულებებს, მის პატივისცემას და მის დაცვას,“ - თქვა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ ქართული ოცნება თანამოაზრეებთან ერთად რამდენიმე თვის წინ დატოვა. მაშინ მიზეზად მოსამართლეების შერჩევის გარშემო მიმდინარე მოვლენები დაასახელა, ის ჯერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგა და თქვა, რომ ამ გადადგომით უზენაესში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი შეაჩერა, შემდეგ კი ოცნება დატოვა. 

კომენტარები