მალხაზ მაჩალიკაშვილი

"ხელისუფლება ელოდება, როდის დავვარდები მუხლებზე, მაგრამ ტყუილად ირჯებიან" - 1 წელი პროტესტიდან

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლება მის გატეხვას ელოდება, რათა საქმე ჩაიფარცხოს, თუმცა ასე არ მოხდება.

"გამოძიება იმიტომ გრძელდებოდა წელიწადნახევარი, რომ მთელი ხელისუფლება ელოდება, როდის დავარდება მაჩალიკაშვილი მუხლებზე. ნურას უკაცრავად, ტყუილად ირჯებიან და ფიქრობენ, რომ მაჩალიკაშვილი გატყდება და თემირლანის საქმე ჩაიფარცხება. არა, მე ჩემი გეგმები მაქვს, ჩემი სტრატეგიები, რა გზით უნდა გავაგრძელო ეს აქციები, ეს პროტესტები", - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

​მან ეს განცხადება რუსთაველის გამზირზე, კარვებთან გააკეთა. დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა კარვების პროტესტი დაიწყეს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სამართლისა და კანონის ჩარჩოებს არ გაცდება, თუმცა აქციები კვლავ გაგრძელდება.

"ამ ერთი წლის განმავლობაში, ადამიანის ენით გამოთქმა შეუძლებელია წარმოთქმა, იმდენი გამოვიარე - იმდენი ზეწოლა, იმდენი პროვოკაცია, ტალახის სროლა, შანტაჟი. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. არ ვისაუბრებ კონკრეტულ ადამიანებზე, მე დღეს პრეტენზია მაქვს მთელ ხელისუფლებასთან. სანამ მთელი ეს ხელისუფლება ჩემი შვილის მკვლელობისა და ჩემი ამ დღეში ჩაგდების გამო პასუხს არ აგებს, აქედან წამსვლელი არ ვარ, ეს პროტესტი გაგრძელება. რამდენიმე დღის მერე განვაცხადებ, რა მასშტაბით და რა სტრატეგიებით გაგრძელდება ჩემი ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ დავიღალე და თითქმის წაქცევის პირას ვარ, კიდევ გავძლიერდები და გავაძლიერებ ამ ბრძოლას ჩემს კეთილ, პატრიოტ და ღირსეულ ადამიანებთან ერთად. მე ამას არავის შევარჩენ", - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მან მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ აქციები გაიმართება ყველგან, სადაც საჭიროდ მიიჩნევს, იქნება ეს პანკისის ხეობა, ძალოვანი უწყებების შენობის მიმდებარე ტერიტორია თუ სხვა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადამიანი დააკავეს. ერთერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

უკვე ერთი წელიაა, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი უწყვეტ აქციებს მართავს მოთხოვნით, გამოიძიონ მისი შვილის საქმე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები