მალხაზ მაჩალიკაშვილი

მაჩალიკაშვილი: ვიცოდი, რომ საუბარი იწერებოდა, იქ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ყოფილა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, იცოდა, რომ მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ და ჩანაწერებში კანონსაწინააღმდეგო არაფერია.

მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ საუბარი კარავშია ჩაწერილი.

"წელიწადნახევარია გრძელდება, იქნებ დააშავოს მაჩალიკაშვილმა რაღაცა, იქნებ წამოვკიდოთ რაღაცას ხელი, რომ ეს ადამიანი გავანადგუროთ. ამისთვის იყო ეს ჩანაწერებიც. ესენი მონტაჟსაც აკეთებენ, ჩემი ჩანაწერების გადასხვაფერება-გადაგვარებასაც აკეთებენ, იმისთვის მუშაობენ. არა, ეს არ მოხდება. მე ვიცოდი, რომ ჩემი ჩაწერები ხდება, ვიცოდი, რომ ყველა ჩემი ნაბიჯი კონტროლდება. ვიცოდი, რომ რომელი საუბარიც ჩემს ძმის შვილთან მქონდა, ის იწერებოდა. მაგრამ ამათ არ იფიქრეს, რომ იქ არ არის არანაირი იარაღი, ასაფეთქებელი ან კანონსაწინააღმდეგო რამე. მე ვიცოდი, ესენი ამას წამოეკიდებოდნენ და თვითონ თავიანთი თავი წამოკიდეს ანკესზე", - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე, სადაც პროტესტიდან ერთი წლის შემდეგ განცხადება გააკეთა.

ამასთან, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის განადგურება რომ სდომოდა, ამას სამ დღეში იზამდა, თუმცა ეს არ სურს.

"გოგაშვილი არის დამფრთხალი, დღეს რას იძახის, ხვალ რას იძახის და ზეგ - რას. ჯერ იძახის, საფრთხე გველოდება - მე მომკლავენ, იმას დააბრალებენ და პირიქით, იმას მოკლავენ, მე დამაბრალებენო. არავის არაფერს არ დააბრალებენ, ეს უკვე შეშინებული, დამფრთხალი ადამიანის სიტყვებია. სიმართლე გითხრათ, მე იმ ადამიანთან ბრძოლის სურვილი დამეკარგა. მე ამ ადამიანს მივიჩნევ ლაჩრად, მის მთელ მოდგმას. თუ უნდა, მებრძოლოს, რანაირი მეთოდებითაც უნდა. მე ყველა მეთოდით მზად ვარ, მაგრამ არა ისე, როგორც ის იძახის, რომ მე ვაპირებ იარაღით მის განადგურებას - ეს სულ არ მჭირდება. ეს რომ მდომოდა, სამ დღეში მაგას გავანადგურებდი. მე ამას არ გავაკეთებ, ქართველების, ჩემი საყვარელი ადამიანების ხათრით, მე ეს არ მჭირდება", - თქვა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადამიანი დააკავეს. ერთერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

უკვე ერთი წელია, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი უწყვეტ აქციებს მართავს მოთხოვნით, გამოიძიონ მისი შვილის საქმე. სწორედ ერთერთ აქციაზე, 2018 წლის მაისში მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ მასა და კიდევ 100 ადამიანს ფიცი ჰქონდა დადებული, რომლის თანახმადაც, მათ სუს-ის შენობაში თავები უნდა აეფეთქებინათ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით მათ 1 ივნისს გამოძიება დაიწყეს. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, 7 მაისს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მაჩალიკაშვილი უწყებამ ტერორისტული აქტის გზით რამდენიმე პირის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. 

უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, 10 მაისს სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა, სადაც მას მოწმის სტატუსით 7 საათზე მეტხანს კითხავდნენ. გამოკითხვიდან გამოსულმა მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, სადაც საუბარი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს და ქართული თარგმანის ტიტრები ადევს, თარგმანის ხარვეზები აქვს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები