საპარტნიორო ფონდი

საგანელიძე: თევზის 80% იმპორტზე შემოდის, როცა ამდენი მდინარე და ამდენი ზღვა გვაქვს

facebook.com/PartnershipFund

საპარტნიორო ფონდის აღამსრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე პარლამენტს სტუმრობს, სადაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამოსვლისას საუბრობს, როგორ ეხმარება ფონდი ადგილობრივ წარმოებას.

საგანელიძის თქმით, საპარტნიორო ფონდის მიერ ორი წლის წინ შექმნილი საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანია ქვეყნის ყველა მხარეში ზრუნავს წარმოების განვითარებაზე:

"ჩვენი შვილობილი კომპანიაა, რომელიც სწავლობს ყველა რეგიონის პოტენციალს, ყველა რეგიონს რა არსებული სიმდიდრეები და უპირატესობები გააჩნია, რომელი დარგის განვითარება იქნება სწორად მიმართული ამ რეგიონისთვის, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს დარგები განვავითაროთ." - აცხადებს ის.

საგანელიძე წასახალისებელ დარგებს შორის მეთევზეობას ასახელებს. მისი თქმით, სომხეთს, რომელსაც ერთი ტბა აქვს, თევზი ექსპორტზე გააქვს. მაშინ, როცა საქართველოს ამდენი მდინარე და ამდენი ზღვა აქვს და თევზის დიდი ნაწილი იმპორტულია.

"აბსურდია ალბათ, რომ საქართველო ზღვის ქვეყანაა და ჩვენ თევზის წარმოება ფაქტიურად არ გვაქვს. თითქმის 80%, თუ მეტი არა, იმპორტზე შემოდის თევზი, როცა ამდენი მდინარე გვაქვს და ამდენი ზღვა და ეს სერიოზული ჩავარდნაა ჩვენი ეკონომიკის ამ დარგში, როცა ჩვენ მეზობელ სომხეთს ექსპორტზე თევზი აქვს, მეორე ადგილზე, როცა ერთი ტბა აქვთ." - თქვა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, მასში უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები - რკინიგზა, გაზის და ნავთობის კორპორაცია და სახელმწიფო ელექტროსისტემაა გაერთიანებული.

გასულ წელს დავით საგანელიძემ თანამდებობრივი სარგოს სახით 294 ათასი ლარი მიიღო. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა.

ფონდმა 2017 წელი 481 მილიონ ლარიანი ზარალით დახურა.

კომენტარები