სექსუალური შევიწროება

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულმა ლექტორმა კომისიის თავმჯდომარის პოსტი და "ოცნება" დატოვა

აჭარის ტელევიზია

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე, რომელიც ამავდროულად ლექტორიც იყო და სტუდენტი მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებს ტოვებს. ბათუმის საკრებულოს პრესსამსახური ამის შესახებ ინფორმაციას facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს და იმ განცხადებას ურთავს, რომლითაც მათი თქმით, მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა. 

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, - ამბობს ომარ მახარაძე, საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით. 

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, მოქმედი კანონმდებლობის და რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

ბსუ-ს სტუდენტმა, 19 წლის გოგომ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ლექტორი, ქართული ოცნების წევრი, ომარ მახარაძე მას სექსუალურად ავიწროებდა და "თამამი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა".

მახარაძემ ბრალდება უარყო და თქვა, რომ მას ICloud გაუტეხეს და მესიჯები სტუდენტისთვის მას არ გაუგზავნია.

თავდაპირველად გოგოს საია იცავდა, თუმცა, 24 მაისს მან ორგანიზაციის დაცვაზე უარი თქვა, კერძო ადვოკატი აიყვანა და არ გამორიცხა, რომ ლექტორს iCloud შესაძლოა მართლა გაუტეხეს.

სტუდენტის პრობლემაზე სტატია თავდაპირველად "ბათუმელებმა" მოამზადა და მისთვის ლექტორის მიერ გაგზავნილი მესიჯებიც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც უნივერსიტეტმა კაცისთვის სალექციო კურსის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

7 წევრისგან სპეციალურად შემდგარმა უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიამ განხილვაზე 19 წლის სტუდენტსაც მოუსმინა. გოგომ საბჭოს წევრებს ლექტორთან მიმოწერა წარუდგინა.

"ბათუმელების" ინფორმაციით, სტუდენტი ლექტორისგან სექსუალური ხასიათის მესიჯებს იღებდა - ჯერ იყო მოკითხვა, შემდეგ კი ჰკითხა ყავს თუ არა ძმა ან მამა. ამას მოჰყვა მესიჯი - "თამამი სელფი გამომიგზავნე". სტუდენტი ლექტორს წერს, შეწყვიტოს ამის მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, ის სტუდენტისგან კვლავ ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა "თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ".

ბათუმელები წერს, რომ მიმოწერას თან ახლავს ფოტოებიც - ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს.

საქმეზე იძულების მუხლით გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ ეტაპზე გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საკითხს საკუთარი ინიციატივით სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც.

კომენტარები