საპარტნიორო ფონდი

საგანელიძე ხსნის, რატომ აქვს საპარტნიორო ფონდს 481 მილიონიანი ზარალი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე პარლამენტში გამოსვლისას განმარტავს, რომ ფონდის 481 მილიონიან ზარალს ის კომპანიები განაპირობებენ, რომელთა მმართველობაშიც მისი სტრუქტურა არ იღებს მონაწილეობას.

"ზარალს, თუ შეიძლება, ბრჭყალებში ჩავსვამ, იმიტომ, რომ მე მოგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდში შემოდის ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ჩვენ არ ვმართავთ, რომელთანაც ჩვენ არანაირი მართვის ბერკეტი არ გაგვაჩნია და მხოლოდ ურთიერთობა ყალიბდება იმ დონეზე, რომ მათ დივიდენდს იღებს საპარტნიორო ფონდი." - ამბობს საგანელიძე.

მისი თქმით, მსგავსი კომპანიების ამოღების შემთხვევაში დავინახავთ, რომ სინამდვილეში საპარტნიორო ფონდი მოგებაშია გასული.

"საპარტნიორო ფონდმა KPMG-ს (აუდიტის კომპანია) კონსოლიდირებული ბალანსით 481 მილიონ ლარიანი ზარალით დახურა წელი. მაგრამ, თუ ჩვენ ამოვიღებდით რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალს, რომელიც, ისევ ვამბობ, ჩვენ არ ვმართავთ და ჩვენზე არაა დამოკიდებული, საპარტნიორო ფონდმა მოგება მიიღო 192.6 მილიონი."

საგანელიძე დასძენს, რომ ფონდმა საკუთარი პროექტებისგან 18 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი ნახა.

"სუფთა ჩვენი პროექტებიდან მიღებული მოგება არის 18.6 მილიონი. ხოლო პროცენტული განაკვეთი, როგორი IRR-თაც (უკუგების შიდა განაკვეთი) საშუალოდ გამოსული ვართ ჩვენ პროექტებიდან, ეს არის 14.8%. ანუ, მინდა გითხრათ, თითოეულ პროექტზე, დაფინანსებული, ჩადებული თანხით ჩვენ რომ გავასაშუალოეთ, ამოვიღეთ 14.8%."

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, მასში უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები - რკინიგზა, გაზის და ნავთობის კორპორაცია და სახელმწიფო ელექტროსისტემაა გაერთიანებული.

გასულ წელს დავით საგანელიძემ თანამდებობრივი სარგოს სახით 294 ათასი ლარი მიიღო. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები