განბაჟების მარჟის აწევა 500 ლარამდე - კომიტეტმა კანდელაკის ინიციატივა ჩააგდო

Amazon

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ჩააგდო ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის ინიციატივა გაზრდილიყო საფოსტო გზავნილების განბაჟების მინიმალური ზღვარი 500 ლარამდე.

25 მარტს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ამ ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირა.

დღეს კი ინიციატივის მომხრე სხდომის მხოლოდ ორი დამსწრე - რომან გოცირიძე და დავით ჭიჭინაძე იყო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დაასახელა სამი მიზეზი, თუ რატომაც არ ემხრობა მისი უწყება ინიციატივას. მისი თქმით, ცვლილება წინააღმდეგობაში მოვიდოდა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ევროდირექტივებთან, შეამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მეწარმეების ნაწილს არაკონკურენტულ ვითარებაში ჩააყენებდა.

დღეისათვის, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება.

გასული წლების მანძილზე, ქართველი ინტერნეტმოვაჭრეები ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად დააზარალა. 2012 წელს 180$-იანი ამანათის გამოწერა იყო შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის 18%-ის დამატების გარეშე. დღევანდელი მოცემულობით, დღგ-ს გადახდა ინტერნეტმოვაჭრეებს უკვე 108$-ზე ძვირი საქონლის გამოწერის შემთხვევაში უწევთ.

კომენტარები