გაფიცული მაღაროელები ჭიათურაში

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

facebook

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი, აკაკი გურჯიძე თანამდებობას ტოვებს, ინფორმაციას ამის შესახებ "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.

"ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობა დატოვოს.

ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია",- წერია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

11 დღეა, ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 50%-ით ზრდას ითხოვენ, მაღაროელებმა თქვეს, რომ 26 მაისის შეხვედრაზე დათმობაზე წავიდოდნენ და ხელფასის 30%-ით გაზრდის შემთხვევაში სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ, თუმცა, უარი მიიღეს. ამიტომ, ისინი გაფიცვას აგრძელებენ.

მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ მათ ჭიათურის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს. გაფიცულების თქმით, კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სამსახურები უნდა დატოვონ. ასევე, კომპანიის ტრანზაქციებით სახელმწიფო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მსვლელობის შემდეგ გაფიცულები ჯორჯიან მანგანეზის შენობასთან, კარვებში დაბრუნდნენ და პროტესტი გააგრძელეს. რამდენიმე მათგანი შიმშილობს კიდეც. რამდენიმე დღის წინ სამმააღაროელმა პირიც ამოიკერა. 

ჯორჯიან მანგანეზის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ თქვა, რომ მაღაროელების გაფიცვა უკანონოა, ამიტომ მათ წინააღმდეგ კომპანია სასამართლო დავას დაიწყებს. მისივე თქმით, ხელფასის 50%-იანი ზრდის მოთხოვნა არარეალურია.

გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად დღეს ქალაქში მსვლელობა მოეწყო, მსვლელობას სკოლის მსოწავლეებიც შეუერთდნენ, როგორც მაღაროელები ამბობენ, მათ მხარდაჭერას უცხადებენ სკოლის მასწავლებლებიც.

კომენტარები