გაფიცული მაღაროელები

ჭიათურაში მაღაროელები გაფიცვას წყვეტენ

ტელეკომპანია იმედი

ჭიათურაში მაღაროელები გაფიცვას შეწყვეტენ, ამის შესახებ მათ მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ თქვეს.

მაღაროელები დღეს ეკონომიკის მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრსა და განათლების მინისტრს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით 1 ივნისიდან მაღაროელებს ხელფასი 25%-ით გაეზრდებათ.

"შედგა შეთანხმება, რომელიც არის უფრო კომპრომისული იმასთან შედარებით, რაც იყო თავიდან მოთხოვნილი. საუბარი არის 1 ივნისიდან ხელფასების 25%-იან ზრდაზე და 12 თვეში კიდევ დამატებით პაკეტი, რომელიც დამოკიდებულია რეორგანიზაციაზე, ეს კონკრეტულად გაიწერება მხარეებს შორის. უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ნაწილი, რაც შეეხება - შრომის უსაფრთხოებას, გადაიარაღებას, სასწრაფო სამედიცინო პუნქტების გახსნას ადგილზე, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას, რაც არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა კომპანიის მიმართ, რომ ყველა ეს პირობა შესრულდეს დაუყონებლივ და ჩვენ ამას დავაკვირდებით, ჩვენ ვართ გარანტორები რომ ეს შეთანხმება და ამ ნაწილში განსაკუთრებით შესრულდება", - თქვა ნათია თურნავამ.

ჭიათურაში მაღაროელები 11 დღე იყვნენ გაფიცულები. ისინი ხელფასის 50%-ით ზრდას ითხოვდნენ. მაღაროელები ამბობდნენ, რომ 26 მაისის შეხვედრაზე დათმობაზე წავიდოდნენ და ხელფასის 30%-ით გაზრდის შემთხვევაში სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ, თუმცა, მაშნ უარი მიიღეს. ამიტომ, მათ გაფიცვა გააგრძელეს.

კომენტარები