ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, შვილი ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან, შეხვედრას ითხოვს. 

შენგელიას თადუმაძისგან აინტერესებს, თუ რა ეტაპზეა კერზაიას საქმის გამოძიება და რატომ გაგრძელდა გამოძიება ამდენ ხანს. 

"ვითხოვ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას, ბატონ შალვა თადუმაძესთან. ვითხოვ კონკრეტული ვადის თქმას, თუ როდის დაასრულებენ გამოძიებას. 6 თვე გავიდან უკვე მას შემდეგ, რაც გამოძიება დაიწყო და, შესაბამისად, მაინტერესებს კონკრეტული ვადა, თუ როდის დასრულდება საქმის გამოძიება,"- უთხრა შენგელიამ რუსთავი 2-ს.

ბაჩანა შენგელია ასევე ამბობს, რომ ის 28 მაისს სააპელაციო სასამართლოსაც მიმართავს და საჩივრით საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო შენგელიას სარჩელი, რომლითაც განათლების სამინისტროს ინსპექტირების დასკვნასა და განათლების მინისტრის იმ ბრძანებას ასაჩივრებდა, რომლის საფუძველზეც კერზაია დირექტორობიდან გაათავისუფლეს. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები