დავით გარეჯის მონასტერი

28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, დავით გარეჯში საპროტესტო აქცია იგეგმება

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

დღეს, 28 მაისს დავით გარეჯში აქტივისტები და სასულიერო პირები მსვლელობას საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

მათ აქ შეკრება უკვე დაიწყეს.

როგორც თავად ამბობენ, მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები აპირებენ, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე დავით გარეჯში აღნიშნონ.

აქ პოლიციაა მობილიზებული, გაძლიერებულია პატრულირება.

ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ინტერპრესნიუსთან ამბობს, რომ ისინი დავით გარეჯში იკრიბებიან, რათა თავიანთი სათქმელი მშვიდობიანად თქვან, რომ "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია, დასაკარგი და დასათმობი კი არაფერი გვაქვს, რადგან ისედაც ბევრია დათმობილი".

"დავით გარეჯში, ჩვენს უწმინდეს და ისტორიულ ადგილზე შეიკრიბა ერი და ბერი, სამღვდელოება, მორწმუნენი, უამრავი ქართველი ადამიანი იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავადასტუროთ, რომ დავით გარეჯი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია, საქართველოს უდიდესი სულიერი საგანძურია და ამის დათმობას, ქართველი ადამიანი არაფრის ხარჯზე, არანაირ ფასად არ აპირებს. ეს არის ჩვენი სათქმელი დღეს ყველას მიმართ, განსაკუთრებით ჩვენი მეზობლების მიმართ, შინაურების მიმართ და ესაა ჩვენი მშვიდობიანი შეკრების მიზანი. რა თქმა უნდა, ერთობით და ჩვენ შეგვწევს ძალა ყოველთვის გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტში ერთად დავდგეთ" - თქვა ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა.

28 მაისი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა.

დღეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დავით გარეჯში ქართველი აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციებს აქ "ანტისაოკუპაციო ჯგუფის" წევრები მართავენ.

ვნებათაღელვა დავით გარეჯში მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე საქართველოს მხრიდან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. გზა 26 აპრილს გაიხსნა, ერთი თვის შემდეგ კი სასულიერო პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩიჩხიტურის ციხესთან ბულდოზერები მუშაობენ, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რა სამუშაოებს ატარებენ ისინი. ამაზე არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის საგარეო უწყება ზუსტ განმარტებებს არ იძლევა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

გადაუწყვეტად რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა ისე, რომ სამონასტრო კომპლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა და საქართველოდან მიმავალ ტურისტებს და მომლოცველებს ამ 3 ტაძრის მონახულებაც ჩვეულებრივად შეეძლოთ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ამ ნაწილთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2012 წლის მაისშიც გადაკეტეს 2 კვირით. 2012 წლის 20 მაისს ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები სადავო მონაკვეთზე სტატუს კვოს აღდგენაზე შეთანხმდნენ და აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

2012 წლის შემდეგ დავით გარეჯის საკითხი ამ დრომდე არ წამოწეულა.

2019 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა თქვა:

"გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი".

22 აპრილს პრეზიდენტი დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა, შემდეგ კი თქვა, რომ "სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს".

2019 წლის 26 მაისს კი სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "საზღვრის საკითხი მან წამოიწყო და შესაძლოა, სწორედ ამას მოჰყვა რაღაც შედეგები".

თუმცა, ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, რატომ წამოიწყო ეს საკითხი.

აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხზე კომისია პირველად 1996 წელს ჩამოყალიბდა და ის დღემდე ფუნქციონირებს, თუმცა, არაეფექტურად - იკრიბება მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ.

ბოლოს კომისია 23-24 მაისს ბაქოში შეიკრიბა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ თქვა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საექსპერტო ჯგუფებმა ადგილზე კიდევ ერთხელ შეისწავლონ ვითარება, რომლის შემდგომაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება არსებული შედეგების განსახილველად. ეს შესაძლოა 1 თვის განმავლობაში მოხდეს".

როგორც დარსალია, ასევე ისტორიკოსები და ოპოზიცია ამბობს, რომ აქტივისტებმა და სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ ემოციური განცხადებებისგან. ასევე, მათი თქმით, დაუშვებელია, ოკუპაციის საკითხის დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირება, ვინაიდან აზერბაიჯანი, რუსეთისგან განსხვავებით, არა ოკუპანტი, არამედ პარტნიორი სახელმწიფოა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები