დავით გარეჯის მონასტერი

დავითაშვილი გარეჯზე: კონფლიქტის შემთხვევაში გაგვამტყუნებენ, სსრკ საზღვრებში ვართ აღიარებული

ლიბერალი

პოლიტიკის მკვლევარი, ზურაბ დავითაშვილი არ ფიქრობს, რომ დავით გარეჯში მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაუარესება მოჰყვება, თუმცა, მისი თქმით, "ისე წარმოდგენა, რომ აზერბაიჯანი თითქოს შემოიჭრა, დაისაკუთრა და გვართმევს ტერიტორიას, გაუცნობიერებელ საზოგადოებაზე ძალიან უარყოფით გავლენას მოახდენს".

"ასე მისვლა საზღვართან ძალიან მაგონებს 1989 წლის 23 ნოემბერს თბილისიდან ცხინვალში წასულ დემონსტრაციებს. იქ მოხდა ის, რომ ძალიან კარგად გამოიყენეს ეს ვითარება რუსებმა და პრაქტიკულად იმ დღიდან დაიწყო კონფლიქტი. ვფიქრობ, რომ ახლა ასე არ მოხდება, იმიტომ რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ნამდვილად იცის, რომ საქართველოს გარეშე მისი გეოპოლიტიკური როლი ძალიან დაკნინდება, მაშინ ის მთლიანად რუსეთს უნდა მიებას და მაქედან გაიტანოს დასავლეთში ნავთობი და გაზი. ეს უნდა გაითვალისწინონ ამ ურა პატრიოტული მოწოდებების ავტორებმა, სამღვდელოებამ.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. ამ ქალბატონის გამონათქვამები არ ექვემდებარება ლოგიკას".

დავითაშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ საქართველოს პრობლემაა, რომ არ გვყავს ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების წარმოებას ისე შეძლებს, როგორც თანასწორთან.

"შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი ან სააკაშვილი და ილჰამ ალიევი დავით გარეჯის საკითხს პირად დონეზე, ასე თუ ისე, არეგულირებდნენ. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის იმ დონის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ალიევს დაელაპარაკება ამაზე, როგორც თანასწორს. შეიძლება ცოტა უხეშად გამომდის, მაგრამ ეს ასეა. ამიტომ, რადგან ამის შესაძლებლობა არ აქვს, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მესაზღვრე შეიძლება იდგეს, მაგრამ ხელი არ შეეშალოს იქ მისვლას.

კონფლიქტი რომ მოხდეს, მთელი მსოფლიო აზერბაიჯანს დაუჭერს მხარს და ჩვენ გაგვამტყუნებს, იმიტომ რომ ჩვენ აღიარებული ვართ საბჭოთა პერიოდის საზღვრებში. ჩვენ გამოვდივართ ახლა, რომ საზღვრის ცვლილებას ვითხოვთ. თუ ამაზე აზერბაიჯანი არ წავა, ეს მისი ნებაა. ამიტომ, უნდა იყოს შეუზღუდავი მიმოსვლა, შემდეგ კი ხანგრძლივი მოლაპარაკებები".

დავითაშვილის თქმით, იმისთვის, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს დავით გარეჯის ტერიტორია სხვა, უფრო დიდ ტერიტორიაში გაუცვალოს, მან, პირველ რიგში, უნდა აღიაროს, რომ ეს ქართული ძეგლებია.

"სამწუხაროდ, აზერბაიჯანში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, ძალიან გაძლიერდა ხედვა - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ძეგლის აზერბაიჯანულად უფრო სწორად, ალბანურ ძეგლად გამოცხადება. აზერბაიჯანის პოზიციაა, რომ ის თავის კულტურულ მემკვიდრეობას სხვა ქვეყანას, თუნდაც მეზობელს და მეგობარს, არ აძლევს. ძალიან საეჭვოა, რომ აზერბაიჯანი რამე დათმობაზე წავიდეს.

ტერიტორიის გარდა, სხვა დათმობაზეც შეიძლება წასვლა. მახსოვს, მარიკა ლორთქიფანიძემ თქვა, რომ დავუბრუნოთ მე-12 საუკუნეში წამოღებული განჯის კარი და ჩვენ ასლი გავაკეთოთო. ეს ხანგრძლივი პროცესია, მოთმინება სჭირდება. მთავარია მისვლა-მოსვლა არ იყოს შეზღუდული. თურქეთის ტერიტორიებზეა ოშკი და იშხანი, მაგრამ მივდივართ და ვნახულობთ". 

რა ხდება დავით გარეჯში
 

დავით გარეჯში შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მოქალაქეებმა საქართველოს დროშა აღმართეს.

აქ საპროტესტო აქცია 15 ეპარქიიდან ჩასული მღვდლებმა გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მიზანია, ხაზი გაუსვან, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა. მათი თქმით, გარეჯი საქართველოს იერუსალიმია და თუ ხელისუფლება მას ვერ დაიცავს, მაშინ თავად მოქალაქეებს და ეკლესიას მოუწევს ამის გაკეთება.

28 მაისი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა.

დღეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დავით გარეჯში ქართველი აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციებს აქ "ანტისაოკუპაციო ჯგუფის" წევრებმა გამართეს.

ვნებათაღელვა დავით გარეჯში მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე საქართველოს მხრიდან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. გზა 26 აპრილს გაიხსნა, ერთი თვის შემდეგ კი სასულიერო პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩიჩხიტურის ციხესთან ბულდოზერები მუშაობენ, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რა სამუშაოებს ატარებენ ისინი. ამაზე არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის საგარეო უწყება ზუსტ განმარტებებს არ იძლევა.

აზერბაიჯანელების მიერ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის, მართალია დროებით, მაგრამ მაინც გადაკეტვის მიზეზი, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯერ ბაქოში, შემდეგ კი დავით გარეჯში ქართველ მესაზღვრეებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებები იყოს.

სალომე ზურაბიშვილმა და ილჰამ ალიევმა 27 თებერვალს, ბაქოში გამართულ შეხვედრაზე ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის საკითხის მოგვარებაზე ისაუბრეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა თქვა:

"გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი".

22 აპრილს პრეზიდენტი დავითგარეჯის სასაზღვრო ზონაში ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა, შემდეგ კი თქვა, რომ "სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს".

26 მაისს კი სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "ეს საკითხი მან წამოწია, რასაც, შესაძლოა, მოჰყვა გარკვეული შედეგები". 

28 მაისის პრესკონფერენციაზე კი პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა თქვა: 

"პასუხისმგებლობის გააზრება იმათ მოვთხოვოთ, ვინც არასახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. კომისიამ რომ განაახლა მუშაობა, ამაზე არ ვსაუბრობთ? ეს ურთულესი საკითხი სხვადასხვა მიზეზის გამო წლების განმავლობაში იყო გაყინული. ყოველთვის იყო შესაძლებელი მისი წამოჭრა, მაგრამ რატომღაც სხვა დროს ეს არ მოხდა. ახლა განიხილება და ყველაზე მნიშვნელოვანია, მივცეთ კომისიას მუშაობის საშუალება. კომისიამ დაიწყო მუშაობა, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია, გაყინულია, ეს არის შედეგი". 

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

გადაუწყვეტად რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა ისე, რომ სამონასტრო კომპლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა და საქართველოდან მიმავალ ტურისტებს და მომლოცველებს ამ 3 ტაძრის მონახულებაც ჩვეულებრივად შეეძლოთ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ამ ნაწილთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2012 წლის მაისშიც გადაკეტეს 2 კვირით. 2012 წლის 20 მაისს ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები სადავო მონაკვეთზე სტატუს კვოს აღდგენაზე შეთანხმდნენ და აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

2012 წლის შემდეგ დავით გარეჯის საკითხი ამ დრომდე არ წამოწეულა.

აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხზე კომისია პირველად 1996 წელს ჩამოყალიბდა და ის დღემდე ფუნქციონირებს, თუმცა, არაეფექტურად - იკრიბება მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ.

ბოლოს კომისია 23-24 მაისს ბაქოში შეიკრიბა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ თქვა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საექსპერტო ჯგუფებმა ადგილზე კიდევ ერთხელ შეისწავლონ ვითარება, რომლის შემდგომაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება არსებული შედეგების განსახილველად. ეს შესაძლოა 1 თვის განმავლობაში მოხდეს".

როგორც დარსალია, ასევე ისტორიკოსები და ოპოზიცია ამბობს, რომ აქტივისტებმა და სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ ემოციური განცხადებებისგან. ასევე, მათი თქმით, დაუშვებელია, ოკუპაციის საკითხის დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირება, ვინაიდან აზერბაიჯანი, რუსეთისგან განსხვავებით, არა ოკუპანტი, არამედ პარტნიორი სახელმწიფოა.

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი 27 მაისს თქვა, რომ "აზერბაიჯანს და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა სხვა ძალას სურს" და "პროვოკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!".

კომენტარები