დავით გარეჯის მონასტერი

ინაშვილი: "ოცნების" დეპუტატ კაცებს ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით ოპოზიციური დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების არევაში რუსულ ინტერესებზე ილაპარაკეს. 

ინაშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ოპოზიციას "ლაპარაკის უფლებას აძლევენ". 

"ის ხალხი ლაპარაკობს დღეს დავით გარეჯზე და რაღაც ძალების მონაწილეობაზე, ქართული მიწების 22% მოწინააღმდეგეს რომ ჩააბარა და მიყიდა. ბოლო-ბოლო ამ ქვეყანაში ხომ უნდა დამთავრდეს ეს სიმახინჯე, რაც ხდება ამ პარლამენტშიც და ამ პარლამენტს გარეთაც? ასე დადუმებული რომ სხედხართ ქართული ოცნების დეპუტატი კაცები, ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე, რაც ხდება. ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგის თავიც არა გაქვთ, რომ გაექაჩოთ, გაიყვანოთ დარბაზიდან და პირში უთხრათ სათქმელი. სხედხართ აქ და მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოდიხართ. სირცხვილი თქვენ ყველას,"- თქვა ინაშვილმა. 

28 მაისის პლენარულ სესიაზე დავით გარეჯის მონასტრის თემა აქტიურად განიხილებოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, პარლამენტში თავისი გამოსვლისას დავით გარეჯის მონასტერში მიმდინარე პროცესებში რუსული მხარის ინტერესზე ისაუბრა. 

"დღეს უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით გარეჯში. იმიტომ, რომ ყველგან, სადაც იქმნება პრობლემა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იქ ფრიალებს რუსული დროშა და ეს რუსული დროშაც თქვენ ააფრიალეთ. თქვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა,"- თქვა სამადაშვილმა.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, მოსახლეობას მოუწოდა, რომ მთავრობისადმი ზიანის მიყენების მიზნით, ქვეყანა არ დააზიანონ. 

"აქ არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებიც ცდებიან და მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო მათ. მთავრობის მიმართ საფუძვლიანმა უნდობლობამ, კრიტიკულობამ მთავრობის მიმართ და საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას. მთავრობისთვის ზიანის მიყენება და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება ორი სხვადასხვა რამაა. მხოლოდ იმიტომ, რომ შენთვის თუნდაც სამართლიანად ვერ ასატან მთავრობას, ივანიშვილის გუნდს ზიანი მიაყენო, ამიტომ ქვეყანას არ შეიძლება, რომ ზიანი მიაყენო. ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავდროულად, აზერბაიჯანს აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას,"- თქვა ბოკერიამ. 

რა ხდება დავით გარეჯში

დავით გარეჯში შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მოქალაქეებმა საქართველოს დროშა აღმართეს. აქ საპროტესტო აქცია 15 ეპარქიიდან ჩასული მღვდლებმა გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მიზანია, ხაზი გაუსვან, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა. მათი თქმით, გარეჯი საქართველოს იერუსალიმია და თუ ხელისუფლება მას ვერ დაიცავს, მაშინ თავად მოქალაქეებს და ეკლესიას მოუწევს ამის გაკეთება.

28 მაისი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა.

დღეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დავით გარეჯში ქართველი აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციებს აქ "ანტისაოკუპაციო ჯგუფის" წევრებმა გამართეს.

ვნებათაღელვა დავით გარეჯში მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე საქართველოს მხრიდან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. გზა 26 აპრილს გაიხსნა, ერთი თვის შემდეგ კი სასულიერო პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩიჩხიტურის ციხესთან ბულდოზერები მუშაობენ, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რა სამუშაოებს ატარებენ ისინი. ამაზე არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის საგარეო უწყება ზუსტ განმარტებებს არ იძლევა.

აზერბაიჯანელების მიერ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის, მართალია დროებით, მაგრამ მაინც გადაკეტვის მიზეზი, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯერ ბაქოში, შემდეგ კი დავით გარეჯში ქართველ მესაზღვრეებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებები იყოს.

სალომე ზურაბიშვილმა და ილჰამ ალიევმა 27 თებერვალს, ბაქოში გამართულ შეხვედრაზე ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის საკითხის მოგვარებაზე ისაუბრეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა თქვა:

"გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი".

22 აპრილს პრეზიდენტი დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა, შემდეგ კი თქვა, რომ "სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს".

26 მაისს კი სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "ეს საკითხი მან წამოწია, რასაც, შესაძლოა, მოჰყვა გარკვეული შედეგები". 

28 მაისის პრესკონფერენციაზე კი პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა თქვა: 

"პასუხისმგებლობის გააზრება იმათ მოვთხოვოთ, ვინც არასახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. კომისიამ რომ განაახლა მუშაობა, ამაზე არ ვსაუბრობთ? ეს ურთულესი საკითხი სხვადასხვა მიზეზის გამო წლების განმავლობაში იყო გაყინული. ყოველთვის იყო შესაძლებელი მისი წამოჭრა, მაგრამ რატომღაც სხვა დროს ეს არ მოხდა. ახლა განიხილება და ყველაზე მნიშვნელოვანია, მივცეთ კომისიას მუშაობის საშუალება. კომისიამ დაიწყო მუშაობა, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია, გაყინულია, ეს არის შედეგი". 

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

გადაუწყვეტად რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა ისე, რომ სამონასტრო კომპლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა და საქართველოდან მიმავალ ტურისტებს და მომლოცველებს ამ 3 ტაძრის მონახულებაც ჩვეულებრივად შეეძლოთ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ამ ნაწილთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2012 წლის მაისშიც გადაკეტეს 2 კვირით. 2012 წლის 20 მაისს ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები სადავო მონაკვეთზე სტატუს კვოს აღდგენაზე შეთანხმდნენ და აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

2012 წლის შემდეგ დავით გარეჯის საკითხი ამ დრომდე არ წამოწეულა.

აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხზე კომისია პირველად 1996 წელს ჩამოყალიბდა და ის დღემდე ფუნქციონირებს, თუმცა, არაეფექტურად - იკრიბება მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ.

ბოლოს კომისია 23-24 მაისს ბაქოში შეიკრიბა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ თქვა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საექსპერტო ჯგუფებმა ადგილზე კიდევ ერთხელ შეისწავლონ ვითარება, რომლის შემდგომაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება არსებული შედეგების განსახილველად. ეს შესაძლოა 1 თვის განმავლობაში მოხდეს".

როგორც დარსალია, ასევე ისტორიკოსები და ოპოზიცია ამბობს, რომ აქტივისტებმა და სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ ემოციური განცხადებებისგან. ასევე, მათი თქმით, დაუშვებელია, ოკუპაციის საკითხის დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირება, ვინაიდან აზერბაიჯანი, რუსეთისგან განსხვავებით, არა ოკუპანტი, არამედ პარტნიორი სახელმწიფოა.

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი 27 მაისს თქვა, რომ "აზერბაიჯანს და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა სხვა ძალას სურს" და "პროვოკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები