მიანმარი

Reuters: მიანმარში ეთნიკურ წმენდაში დადანაშაულებული ჯარისკაცები ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

Reuters

Reuters-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში 2017 წელს განვითარებული მოვლენების დროს ერთ-ერთ სოფელში ეთნიკურად როჰინჯა მამაკაცების დახოცვის გამო დაკავებული 7 ჯარისკაცი, რომელთაც 10 წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.

შესაბამისად, მათ ციხეში იმაზე ნაკლები დრო გაატარეს ვიდრე Rauters-ის ჟურნალისტებმა, რომელთაც მათი დანაშაული გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ რაკჰაინის პროვინციაში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეთნიკურ წმენდად და გენოციდად შეაფასეს, მხოლოდ ეს ჯარისკაცები მისცეს პასუხისგებაში. ისინი 10 როჰინჯა მამაკაცი მოკვლის გამო გაასამართლეს.

გამოცემას ჯარისკაცების ყოფილმა თანამესაკნეებმა უთხრეს, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მათ გენერლები აკითხავდნენ და სხვადასხვა პროდუქტს აწვდიდნენ, მათ შორის ლუდს და სიგარეტს. მათ ასევე წვდომა ჰქონდათ ინტერნეტზეც. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა: "როდის დამთავრდება ჩემი ეს უიღბლობა? ამ წელმა ჩემი ცხოვრება სრულად შეცვალა: შევე*ი 2018 წელს."

შეგახსენებთ, რომ Reuters-ის ორი ჟურნალისტი ვა ლოუნი და კიან სოუ, რომლებიც მიანმარში განვითარებული მოვლენების გაშუქების შემდეგ დააკავეს, პრეზიდენტის ამნისტიით მაისში გაათავისუფლეს. მათ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების გამო გასული წლის სექტემბერში 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და საპატიმროში 500 დღეზე მეტი გაატარეს.

დაკავებამდე ისინი 2017 წელის სექტემბერში რაკჰაინის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში 10 როჰინჯა მუსლიმის მკვლელობის თაობაზე ინფორმაციას აგროვებდნენ. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია მხოლოდ მათი დაკავების შემდეგ, სხვა ჟურნალისტების დახმარებით გამოქვეყნდა და მასში შედის ინტერვიუები სოფლის ბუდის მოსახლეობასთან, რომელთაც მუსლიმების მკვლელობა და მათი სახლების გადაწვა აღიარეს და ასევე გასამხედროებული დაჯგუფების წევრების მონათხრობი, რომლითაც ირკვევა, რომ მომხდარში პირდაპირ იყვნენ ჩართული მიანმარის სამხედრო ძალების წარმომადგენლები.

მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობის დაწყების შემდეგ, რაც გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, ქვეყანა 700,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა. ამჟამად იგეგმება 2,000-მდე ადამიანის მიანმარში დაბრუნება.

გაეროს გამომძიებლების ანგარიშის მიხედვით მიანმარის სამხედრო ძალებმა რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯას ეთნიკური უმცირესობის მიმართ დანაშაული "გენოციდის განზრახვით" ჩაიდინეს და მათ მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო იმ საფრთხისა, რაც მთავრობის თქმით რეგიონში არსებობდა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მიანმარის მთავრობამ, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობს, საშუალება მისცა სიძულვილის ენის გავრცელებას, გაანადგურა დოკუმენტები და ვერ დაიცვა როჰინჯა მუსლიმები არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისაგან და შესაბამისად მათაც მიუძღვით წვლილი მომხდარში. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სუ ჩის რაკჰაინის რეგიონში გავითარებული მოვლენების გამო უნდა დაეტოვებინა.

ჩადენილ დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლების და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.

ანგარიშის მიხედვით მიანმარში განვითარებული მოვლენების საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ექიმები საზღვრებს გარეშე, ანგარიშის მიხედვით მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში განვითარებული ძალადობის შედეგად გასული წლის 25 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა. მათგან 6,700 გარდაცვალება ძალადობის შედეგად არის გამოწვეული. მათ შორის არის 730-მდე ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელს არ აღემატებოდა. ანგარიშის მიხედვით გარდაცვალებათა 69% ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია, 9% საკუთარ სახლში დაწვეს, ხოლო 5% ცემით მიიყვანეს სიკვდილამდე.

2017 წელს მიანმარში განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები